თამთა ჩაჩანიძე
19.12.2025

„ქართული ოცნება" „ალტ-ინფოს" და ოპოზიციურ ჯგუფებს უპირისპირდება და „იგლ ჰილსის" წინააღმდეგ კამპანიას ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ჯგუფები სიცრუეს და დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ მათ შორის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ყალბი ვიდეოებით, რაც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„ალტ-ინფო" საკუთარ ეთერში აქტიურად ავრცელებს მსგავსი შინაარსის ვიდეოებს და დასძენს, რომ „არც კობახიძის და არცერთი მთავრობის გადასაწყვეტი არ არის ამ მასშტაბის პროექტების დაძვრა და ეს არის ზე ეროვნული საკითხი".

„ალტ-ინფო" და რიგი ოპოზიციური ჯგუფები კოორდინირებულად აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას. მათი სამიზნე კვლავ „იგლ ჰილსის" ინვესტიციაა, რომლის წინააღმდეგაც ვრცელდება ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მიზანმიმართულ მანიპულაციაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე" - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

არაბული ინვესტიციების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ არაბიზაცია სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და საქართველოში „იგლ ჰილსის" გარდა სხვა არაბული დეველოპერული კომპანიებიც შემოდიან, ყიდულობენ მიწის ნაკვეთებს, აშენებენ საცხოვრებელ აპარტამენტებს და ისევ არაბებზე ჰყიდიან.

აქვე უნდა ითქვას, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანია „მირა დეველოპმენტსი" თბილისთან ახლოს პროექტის „მირა ვერდეს" განხორციელებას გეგმავს, ამის შესახებ თავად კომპანიის ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, პროექტით გათვალისწინებულია ერთ ლოკაციაზე მდიდრული ვილების, სკოლის, უნივერსიტეტის, საფეხბურთო კლუბის განთავსებას.

„რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია „მილა ვერდეში"?

სტრატეგიული მდებარეობა: დუბაიმდე მხოლოდ 3 საათის, სტამბოლამდე 3.5 საათის და ევროკავშირის ძირითად ცენტრებამდე 4 საათის სავალზე მდებარე თბილისი რეგიონული და გლობალური კაპიტალის გზაჯვარედინია.

„მარტივი საკუთრება: უცხოელებს შეუძლიათ თავისუფლად ფლობდნენ ქონებას მემკვიდრეობის გადასახადის გარეშე და მარტივი იჯარის გადასახადის რეჟიმის გარეშე, რაც ინვესტირებას მარტივს ხდის",- აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

მედია-კავშირი „ობიექტივი", რომელიც ასევე ანტიარაბულ გამოსვლებს უერთდება, „უოლ სთრით ჟურნალის" ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ "სერბი ხალხის მრავალთვიანი პროტესტის შედეგად, ბელგრადის ცენტრში ჩაიშალა არაბული კომპანია „იგლ ჰილსის" და ჯარედ კუშნერის (ტრამპის სიძე) მასშტაბური სამშენებლო პროექტი. პროკურატურამ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც „ინვესტიციას" მფარველობდნენ, კორუფციის მუხლით ბრალი წაუყენა."

„შეგახსენებთ, რომ იგივე კომპანია „იგლ ჰილსი" საქართველოში ორი არაბული ქალაქის მშენებლობას გეგმავს, რასაც საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება",- ვკითხულობთ" ობიოექტივის ინფორმაციაში.

მათივე თქმით, 2025 წელს იგივე „იგლ ჰილსმა" საქართველოს მსგავსი სცენარით დაიწყო 30 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელება მონტენეგროში, შერჩეული იყო 12 კილომეტრიანი ზღვისპირა ზოლი, თუმცა არაბული კომპანიის გამოჩენამ ხალხში დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, რამაც მისი დამფუძნებელი ოჰამედ ალაბარი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე პროექტზე უარი თქვა.

ხელისუფლება-ალტ-ინფოს" დაპირისპირება

"კონსერვატორი" ჯაბა ჟვანია „ალტ-ინფოს" ეთერში ამბობს, რომ ხელისუფლებას საზოგადოების მოტყუება უჭირს.

„ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ყველა თავისი პროპაგანდისტული საშუალებით გვარწმუნებს, რომ არანაირი არაბიზაციის პრობლემა არ არსებობს, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, თურმე გამოგონილია, ხელისუფლებას თავისი სტატისტიკები მოჰყავს, რითაც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ თურმე ის 7 მილიარდი, რომელიც არაბეთიდან შემოდის, მხოლოდ ჩვენს კეთილდღეობაზეა გათვლილი და არაფერი დასაეჭვებელი არაა. თურმე არც იმის უფლება არ გვაქვს, რომ გამჭვირვალობა და ხელშეკრულების გასაჯაროება მოვითხოვოთ, თუმრე ეს ყველაფერი ქვეყნის მტრობაა, მათ შორის 7 დეკემბრის აქციას ვერ ინელებენ.

  • „ჩვენ არაერთი ასეთი ვიდეო გვაქვს, ერთ-ერთში აშენებული კოტეჯებია ნაჩვენები, არაბულ ენაზე თავიანთ მოქალაქეებს სთავაზობს, რომ შეიძინონ კოტეჯები ასეთ კარგ გარემოში. ასეთი ვიდოები ძალიან ბევრია და ფარულად კი არ მოვიპოვეთ, მაგის ნახვა ყველას შეუძლიათ. მაგიტომ ღიზიანდება ხელისუფლება, რადგან ინტერნეტის ეპოქაში ამის დამალვა და საზოგადოების მოტყუება ძალიან ჭირს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ენმ და ალტ-ინფო ერთ ნარატივს ავრცელებენ.

 

 

  • „როდესაც ერთ ნარატივს ავრცელებს „ნაცმოძრაობა" და „ალტინფო", მგონი, საზოგადოებისთვის ადვილია დასკვნების გამოტანა, საიდან არის ნაკარნახევი ეს ნარატივი. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. რა თქმა უნდა, სურვილი არის ქვეყნის დაზიანება. ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს.

„ისტორიაში როდესაც უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც არ აქვს ერთი ნაკლიც კი და მხოლოდ სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, თითოეული ადამიანისთვის, ვისთვისაც რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ამ პროექტის წინააღმდეგ როცა ვხედავთ ნარატივებს, აქ გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებულია გარედან",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

როგორც ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე აღნიშნავს, სიცრუის გავრცელების, მიმდინარე კოორდინირებული კამპანია ნათლად აჩვენებს, რომ ზღვარი ალტ-ინფოსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ისევე როგორც სხვა მარგინალურ ძალებთან, ფაქტობრივად წაშლილია.

„ალტ-ინფო და რიგი ოპოზიციური ჯგუფები კოორდინირებულად აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას. მათი სამიზნე კვლავ „იგლ ჰილსის" ინვესტიციაა, რომლის წინააღმდეგაც ვრცელდება ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მიზანმიმართულ მანიპულაციაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე.

„რეალურად, ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია, საქართველოს ინტერესები სრულად დაცულია როგორც კანონმდებლობით, ისე სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ეს დოკუმენტები იმგვარად არის შედგენილი, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ეროვნული ინტერესები და სახელმწიფომ მიიღოს პირდაპირი და გრძელვადიანი სარგებელი. ნებისმიერი მტკიცება, თითქოს ინვესტიცია ქვეყნისთვის საზიანოა, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია.

„სამწუხაროდ, დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფები კონტექსტიდან ამოგლეჯილ, პროპაგანდისტულ ვიდეოებს ავრცელებენ, რომელთაც „იგლ ჰილსის" პროექტთან რეალური კავშირი არ აქვთ.

დღეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს ის სარგებელი, რაც აღნიშნულ ინვესტიციას მოაქვს: ეკონომიკის სტიმულირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბიუჯეტში გაზრდილი შემოსავლები და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაძლიერება. ამის ნაცვლად, ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი არჩევს სიცრუის გავრცელებას, რაც პირველ რიგში აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ქვეყნის რეპუტაციას.

„სიცრუის გავრცელების, მიმდინარე კოორდინირებული კამპანია ნათლად აჩვენებს, რომ ზღვარი ალტ-ინფოსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ისევე როგორც სხვა მარგინალურ ძალებთან, ფაქტობრივად წაშლილია. განსხვავებული იდეოლოგიური შეფუთვის მიუხედავად, მათი ქმედებები ერთ მიზანს ემსახურება და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ რეალურ სახეს." - წერს ჩიხელიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×