რეზონანსი
19.12.2025

გადაცემას "უეჭველი ქართველია", ამჯერად პეტრე კოლხი სტუმრობდა, რომელიც ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში მას მერე, რაც საპატრიარქოსთან საბოლოოდ დაეძაბა ურთიერთობა. პეტრე კოლხი ამერიკულ ცხოვრებაზე ჰყვება:

"ახალი ცხოვრების საწყის ეტაპზე ვარ, თავდაყირა დადგა ცხოვრებაში ყველაფერი და ისეთი გზები გამოიკვეთა, რაზეც ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი. წლები გადის, ფიქრობ, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიე, შენი ხელწერა გაქვს, შენი ნიშა გაქვს და უცებ აღმოჩნდა, რომ ისევ თავიდან უნდა მოკვდე და თავიდან უნდა დაიბადო. თუმცა ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაშიც განვიცდიდი ემიგრაციას, რადგან იქ უკვე აღარაფერი არის თითქმის ქართული. წარმოიდგინეთ, როგორი რთულია კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და წახვიდე სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც ნულიდან არა, მინუს უსასრულობიდან იწყებ თავიდან ცხოვრებას. როცა იქ შენი ნიშა გქონდა, კითხულობდი ლექციებს, ატარებდი პოეზიის საღამოებს, ქადაგებდი, მოუწოდებდი მრევლს, ატარებდი წირვას, ემსახურებოდი ღმერთს. და უცებ დავდექი აბსოლუტურად შიშველი რეალობის წინაშე. 

4 თვე სრულდება, რაც ამერიკაში ვარ. ძალიან რთული დღეები გამოვიარე. რამდენჯერ ბარგი ჩალაგებული მქონდა და უნდა გავქცეულიყავი. ოღონდ არ ვიცი - სად. მერე მივხვდი, რომ ჩემი თავი ხელში უნდა ავიყვანო, თავიდან უნდა დავიბადო. მირჩევნია ემიგრაციის ურთულესი გზა გავიარო, მშიოდეს, მწყუროდეს, მირჩევნია ტაქსიზე ვიჯდე, და სული თავისუფლებას ხუნდები არ დაადონ, ვიდრე განცხრომაში ვიყო და ვიყო რუსეთის მონობაში...

აქ არ გაქვს პირადი, ემიგრაციაში პირადი არ არსებობს. დილის 6 საათზე დგები და დისპეტჩერს ელოდები, როდის ჩაგიგდებს მისამართს, რომ გაიქცე, ვიღაც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანო და ეს შეიძლება, ღამის 2 საათამდე გაგრძელდეს. ხშირად მოსაფხანი დრო არ გრჩება. დასვენების დღეც არ გაქვს.

საერთოდ არ მინდა ამ ქვეყანაში ყოფნა. ჩემს სახლში ჯდომა, ჩემი ფინჯნებით ყავის მირთმევა მენატრება, ჩემი ოთახი, ჩემი ბიბლიოთეკა... ღომი მენატრება, ელარჯი, ლობიო... ღომი-ფართი უნდა მოვაწყო აქ" - თქვა კვარაცხელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×