მარიამ ვეკუა
19.12.2025

 

ზურა ჯაფარიძე:„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება."

მელია-გვარამიას კოალიციის წევრ ზურა ჯაფარიძის ციხიდან გამოშვებამ ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულ ოპოზიციას ენერგეტიკა შეჰმატა. იმედი აქვთ, რომ ზურა გირჩის პიროვნული თვისებები ერთიანობის შექმნას შეუწყობს ხელს. თავად „ჯაფარა" ამბობს, რომ დილით, ვადაზე რამდენიმე სააათით ადრე, პერანგის ამარა გამოაგდეს ციხიდან, სადაც დაჰპირდნენ, რომ გარეთ დიდი ხნით არ დარჩებოდა. დარწმუნებულია, რომ ახლა ოპოზიციის ერთიანობის შანსები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„ჩემზეც, ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც, ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხნით გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ ხელახლა, რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ ან უნდა გაჩუმდეთ ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის. არსად არ ვაპირებ წასვლას და არც არავინ დააპირებს, რამდენადაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და მგონია, კარგად ვიცნობ. მერე რას იზამენ, არ ვიცი.

„არ მგონია, გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით. ალბათ, გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას. ეს იმიტომ, რომ მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, ცოტა დრო გაქვს და შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში. ჩემი ამოცანაა, იმ გათვლით ვიყოთ, რომ შეიძლება ძალიან ცოტა დრო გვქონდეს და ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ," - განაცხადა ჯაფარიძემ და ამატებს, რომ დღესვე რუსთაველზე გავა.

„რასაც ვაპირებ არის, რომ რაღაც შეხვედრები დაგეგმილი მაქვს, იქიდან ვეცადე, დამეგეგმა. ყველასთან: პარტიებთანაც, აქტივისტებთანაც. ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს. მთავარი სათქმელი არის ის, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა. ვერცერთ შემთხვევაში, ეს გზა ვერ იქნება ისეთი რთული, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, რომელიც აქ ვცხოვრობთ, ერთი საუკუნის წინ, რუსების ხელში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება."

ოპოზიციაში ამჯერად ფსონი ჯაფარიძეზეა, იმედოვნებენ, რომ ის „შემკვრელის" ფუნქციას მოირგებს და პოლიტიკურ პროცესებს გააცოცხლებს.

„ჯაფარას" ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს საერთაშორისო მასშტაბით. ამ მხარეს გააძლიერებს. ჩვენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტით ცხოვრებით ვცხოვრობთ, შეიძლება ჩვენი კოალიციისთვის ვინმეს ხმა არ მოუცია, მაგრამ სიმპათიები ამ ადამიანების მიმართ, როგორც გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ, აქვთ. „ჯაფარა" ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან საუბარი, მათ შორის ოპონენტებთან, იმათთანაც კი, ვისაც ჩვენთვის ხმა არ მოუცია.

 

  • ვანო წერეთელი: ჯაფარას" ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს საერთაშორისო მასშტაბით. ამ მხარეს გააძლიერებს. ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან საუბარი, მათ შორის ოპონენტებთან, იმათთანაც კი, ვისაც ჩვენთვის ხმა არ მოუცია.

„კი, [აიღებს ლიდერის ფუნქციას ოპოზიციურ ველზე]. ყველამ იცის, რომ პროტესტების დაწყების დღიდან იქ არის. მას შეუძლია შემკვრელი ადამიანის ფუნქცია, იმუშავებს პირადი სიმპათიები ადამიანების მხრიდან", - აღნიშნავს „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი ვანო წერეთელი.

„გილოცავ, „ჯაფარ", ოჯახთან ჩახუტებას. ძალიან კარგ ენერგიას ასხივებ, რაც ბრძოლისთვის ასე საჭიროა. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ზუსტად იმ შემართებით, რომლითაც გამოხვედი. ბოლომდე!" - წერს ჯაფარიძის თანა-კოალიციელი, „დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.

„თავისუფლების მოედნის" ლიდერი ლევან ცუცქირიძე კი იმედოვნებს, რომ მოვა დრო, როცა კოლეგებს ციხის კართან არ დახვდებიან.

„ვაპირებდი, რომ ზურას ციხის კარებთან დავხვედროდი, მაგრამ ადრე გამოუშვეს, რომ ვითომ ჩაეშალათ დახვედრა. არაუშავს სახლთან დავხვდებით და შევხვდებით. საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა ჩვენ ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით და დავხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე. სწორედ ამისთვის ვიბრძვით, მეც, ზურაც და ყველა", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

 

 

ფოტო: „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×