
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 1 399.0 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი - 849.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი - 672.5 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან აშშ - 2 496.5 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი - 2 491.9 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი - 1 803.4 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 621.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 39.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 339.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 256.4 მლნ. აშშ დოლარით.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 538.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 21.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 228.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 605.3 მლნ. აშშ დოლარით.