რეზონანსი
19.12.2025

ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად, ერთობლივ სესხზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ლიდერები უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის 90 მილიარდ ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

ფინანსური სახსრები მოზიდული იქნება ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 24 ქვეყნის ერთობლივი სესხით, თუმცა გეგმის დამტკიცებას ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდა, რადგანაც სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის ცენტრალური გრძელვადიანი ბიუჯეტით.

როგორც „როიტერი“ წერს, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი შეთანხმდნენ, გეგმა განხორციელდებოდა იმ პირობით, რომ მათზე ფინანსურად არ იმოქმედებდა.

ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირში რუსული აქტივები, რომელთა ჯამური ღირებულება 210 მილიარდ ევროს შეადგენს, გაყინული დარჩება ვიდრე მოსკოვი უკრაინას ომის რეპარაციებს არ გადაუხდის. მოსკოვი ოდესმე ასეთ ნაბიჯს თუ გადადგამს, უკრაინას შეუძლია, ეს თანხა სესხის დასაფარად გამოიყენოს.

„ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი ამბავი რუსეთისთვის, ეს იყო ჩვენი განზრახვა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×