რეზონანსი
18.12.2025

 ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. სხდომას მხოლოდ 2 ბრალდებული არ ესწრებოდა - ბურჭულაძემ საკანში დარჩენა გადაწყვიტა, შაიშმელაშვილი კი მიმალვაშია.

პროკურატურამ დღეს სასამართლოს 4 ოქტომბრის ამსახველი ის მოვლენები წარუდგინა, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ მტკიცებულება უამრავია.

პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და დამხობის შესახებ საკუთარი მოწოდებები ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზში მოისმინეს. დაკავებიდან 74 დღის შემდეგ, პასუხისმგებლობაზე საუბარი დუმილმა ჩაანაცვლა.

არც ორგანიზატორები და არც ძალადობაში მონაწილეები ბრალს ისევ არ აღიარებენ. გახარიას პარტია, მათ პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილის პარტია კი, საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ოპონენტებს ხელისუფლების დამხობის მიზნით გაკეთებული მოწოდებები და მოქმედებები დღეს მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ შეახსენა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია გარე ძალების მითითებებს ამ დრომდე ასრულებს.

დღესვე, საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის პროცესიც გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავებიან.

4 ოქტომბრის საქმეზე კი, ბრალდებულები არიან პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და კიდევ 5 პირი. მათ ბრალი ედებათ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებისთვის

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×