
ვაშინგტონს ვენესუელაზე ზეწოლა ახალ, უკიდურეს ეტაპზე გადაჰყავს - დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ სანქცირებული ნავთობტანკერების სრულ ბლოკადას აცხადებს. ნაბიჯს, რომელიც სამართლებრივ და სამხედრო ესკალაციის ზღვარზე დგას, როგორც კონგრესში, ისე საერთაშორისო სამართლის ექსპერტთა შორის უკვე „ომის აქტს" უწოდებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა, რომ ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის ბლოკადა განხორციელდეს. ეს არის ვაშინგტონის უახლესი ნაბიჯი, რათა ნიკოლას მადუროს მთავრობაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს, წერს "როიტერზი".
გაურკვეველია, თუ როგორ განახორციელებს სანქცირებული გემების წინააღმდეგ ტრამპი ამ ნაბიჯს და მიმართავს თუ არა სანაპირო დაცვას, რათა გემების გადაადგილება აიკრძალოს, როგორც ეს გასულ კვირას გააკეთა. ადმინისტრაციამ რეგიონში ათასობით ჯარისკაცი და სამხედრო გემები, მათ შორის ავიამზიდი, გადაიყვანა.
„თერთმეტი თვის წინ მემკვიდრეობით არეულობა მივიღე, ახლა ამას ვასწორებ, მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე. 10 თვეში 8 ომი დავასრულე", - თქვა ტრამპმა ამერიკელი ხალხისთვის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ვენესუელა მთლიანად გარშემორტყმულია სამხრეთ ამერიკის ისტორიაში, უდიდესი არმადით, ...ჩვენი აქტივების ქურდობისა და სხვა მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკებით კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის გამო, ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად იქნა გამოცხადებული", - დაწერა ტრამპმა მის სოცქსელ Truth Social-ზე. „ამიტომ, დღეს მე ვბრძანებ ვენესუელაში შემავალი და ვენესუელადან გამომავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრულ ბლოკადას".
- ტრამპი: „თერთმეტი თვის წინ მემკვიდრეობით არეულობა მივიღე, ახლა ამას ვასწორებ, მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე. 10 თვეში 8 ომი დავასრულე"
ოთხშაბათს ვენესუელასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მიწებს, ნავთობის უფლებებს და ყველაფერს დაიბრუნებს, „ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი უკან დავიბრუნოთ", - თქვა ტრამპმა
განცხადებაში ვენესუელას მთავრობამ ტრამპის გამოსვლას „გროტესკული მუქარა" უწოდა.
ამერიკის პრეზიდენტებს აშშ-ის ძალების საზღვარგარეთ განლაგებაზე ფართო დისკრეცია აქვთ, მაგრამ ტრამპის ბლოკადა პრეზიდენტის ავტორიტეტის ახალ გამოცდას წარმოადგენს, განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლის მკვლევარმა ელენა ჩაჩკომ.
ჩაჩკომ თქვა, რომ ბლოკადები ტრადიციულად „ომის ინსტრუმენტებად" განიხილება, მაგრამ მხოლოდ მკაცრი პირობებით. „არსებობს სერიოზული კითხვები როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამართლის ფრონტზე."
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ტეხასელმა დემოკრატმა ხოაკინ კასტრომ, ბლოკადას „უდავოდ ომის აქტი" უწოდა.
„ეს არის ომი, რომელიც კონგრესმა არასდროს დაამტკიცა და ამერიკელ ხალხს არ სურს", - დასძინა კასტრომ იქს-ზე.
ამჟამად, ნავთობის ბაზარი კარგად არის მომარაგებული და ჩინეთის სანაპიროსთან ტანკერებზე მილიონობით ბარელი ნავთობია, რომლებიც გადმოტვირთვას ელოდებიან. თუ ემბარგო გარკვეული დროით გაგრძელდება, მაშინ დღეში თითქმის მილიონი ბარელით ნედლი ნავთობის მარაგის დაკარგვა, სავარაუდოდ, ნავთობის ფასებს გაზრდის.
გაზრდილი დაძაბულობა
ტრამპის მიერ მადუროზე ზეწოლის კამპანიამ რეგიონში სამხედრო დაძაბულობა და რამდენიმე ინციდენტი გამოიწვია, რასაც სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკული ქვეყანა „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად" არის აღიარებული. პრეზიდენტმა ასევე დაანონსა, რომ აშშ-ის სახმელეთო დარტყმები სამხრეთ ამერიკის ქვეყანაზე მალე დაიწყება.
„მალე ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ხმელეთზე დავიწყებთ."
მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერება მიზნად მის დამხობას და OPEC-ის ქვეყნის ნავთობის რესურსებზე კონტროლის მოპოვებას ისახავს.
Vanity Fair-თან ინტერვიუებში ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა, სუზი უაილსმა, განაცხადა, რომ ტრამპს „სურს ნავების აფეთქება მანამ გააგრძელოს, სანამ მადურო არ იყვირებს".
ტრამპის პოსტამდე, მადურომ აღნიშნა: „იმპერიალიზმი და ფაშისტური მემარჯვენეები ვენესუელას კოლონიზაციას ცდილობენ, რათა მისი ნავთობის, გაზის, ოქროსა და სხვა მინერალების სიმდიდრე მიითვისონ. ჩვენ დავიფიცეთ, რომ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და ვენესუელაში მშვიდობა გაიმარჯვებს".