რეზონანსი
17.12.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, სებ-ის ცენტრალური სცენარის შესაბამისად, ინფლაციის ტემპმა ნორმალიზაცია დაიწყო და ნოემბრის მდგომარეობით 4.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ნარჩუნდება, რაც შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორებში ვლინდება. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3 პროცენტი შეადგინა. ასევე, მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.6 პროცენტის ფარგლებშია მომსახურების ინფლაცია. მიმდინარე, მიზნობრივ 3 პროცენტზე, მაღალ ინფლაციას კვლავ სურსათის ფასები განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ცენტრალური სცენარის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა ექნება და მისი ეფექტები ეტაპობრივად ამოიწურება. ამავდროულად, მთლიანი მოთხოვნაც, მოლოდინების შესაბამისად, ეტაპობრივად უბრუნდება გრძელვადიან ტრენდს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტი იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და წლიურად საშუალოდ 3.5 პროცენტს გაუტოლდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 11 თებერვალს ჩატარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×