
მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე ამნისტია პარლამენტმა დღეს სესიაზე უნდა დაამტკიცოს. პრემიერის ინიციატივის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო, მოქალაქეებისათვის ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე, ფართომასშტაბიანი ამნისტია პირველი იანვრიდან ცხადდება. თუმცა ის არ ეხება იმ შემთხვევებს, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება ან მძიმედ დაშავება მოჰყვა. შეღავათი არ არის გათვლილი არც მძიმე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ეს არის ერთჯერადი ჰუმანური აქტი და თუ ეს პირები ისევ დაარღვევენ კანონს, სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
"პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა ერთჯერადი ჰუმანური აქტი, რომელიც დაახლოებით 35 000-მდე პირს, ვისაც შეზღუდული აქვს მართვის უფლება, საშუალებას აძლევს, რომ აღუდგეთ მართვის უფლება. შემდგომში, თუ ეს პირები ჩაიდენენ მსგავს ქმედებას, კანონი ისეთივე სიმკაცრით დასჯის მათ მიერ ჩადენილ ქმედებას, როგორც აქამდე სჯიდა. ეს ერთჯერადი ჰუმანური აქტი არის იმის საშუალება, რომ კიდევ ერთხელ კარგად გაიაზრონ ჩვენმა მძღოლებმა, რომ საჭის მართვა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში, ეს არის მკაცრად დასჯადი ქმედება და სახელმწიფო იმ პირების მიმართ, ვინც ამას განმეორებით ჩაიდენს, შესაბამის ღონისძიებებს ჩაატარებს", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.