
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში სამოქალაქო ხომალდებისთვის ცეცხლის გახსნა დაუშვებელია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში, დიპლომატების შეკრებაზე განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა როგორც რუსეთს, ისე უკრაინას, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან.
„სავაჭრო და სამოქალაქო გემების მისამართით ცეცხლის გახსნა არავის მოუტანს სარგებელს. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ამისგან თავი შეიკავონ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო წესრიგის სისტემის არაეფექტურობაზე.
„დღევანდელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც იცავს ძლიერებს, მაშინაც კი, თუ ისინი მართლები არ არიან და ჩაგრავს სუსტებს მაშინაც კი, როდესაც სიმართლე მათ მხარეზეა, ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა არასტაბილურობას, კრიზისებს და უსამართლობას“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობა დაემსგავსა „უმოძრაო ცხედრებს“. ამ კონტექსტში ერდოღანმა მაგალითად მოიყვანა სირიაში 13-წლიანი სამოქალაქო ომი. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „არცერთმა ქვეყანამ, რომელმაც საკუთარი თავი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველად გამოაცხადა, არ მოახდინა რეაგირება სირიაში წლების განმავლობაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტაზე“.
ერდოღანმა ასევე ისაუბრა ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ „ისრაელმა ანკლავში გამოიყენა ბომბები, რომლებიც 14-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში გამოყენებული ატომური ბომბის სიმძლავრეს“.
ერდოღანმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის საკითხზე და განაცხადა, რომ „აზერბაიჯანი და სომხეთი ახლოს არიან მშვიდობიანი შეთანხმების ხელმოწერასთან“. მისივე თქმით, აზერბაიჯანთან დიალოგში თურქეთი ასევე ცდილობს, წინ წაწიოს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესიც.