რეზონანსი
16.12.2025

რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ის დამნაშავეა და უნდა აგოს პასუხი იქამდე, ვიდრე ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობაში რჩება, ვიდრე რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვები არ დაუბრუნდებიან სახლებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

მისივე თქმით, რუსეთი სანქციებით უნდა შეიზღუდოს იქამდე, ვიდრე ის პატივისცემას არ გამოავლენს მშვიდობიანი ცხოვრებისა და თითოეული მეზობლის უფლებების მიმართ.

„მინდა, მადლობა ვუთხრა თქვენ ქვეყნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის წლებში თქვენი ქვეყნები ჩვენს გვერდით დგანან. მადლობა თქვენ ხალხს ჩვენი მხარდაჭერისთვის, უკრაინის, ხალხის, ბავშვების მხარდაჭერისთვის და ჩვენი უფლებისთვის, დავიცვათ თავი ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, რომელიც თავს იცავს გარე აგრესიისგან,  ისევე როგორც  დავიცვათ ჩვენი უფლება რომ ვიცხოვროთ ნორმალური ცხოვრებით უსაფრთხოდ, ისე როგორც თითოეული იმსახურებს ევროპასა თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ნაწილში

დღეს და ამ წელს, უკრაინისთვის იწყება საკითხები, რომლებიც დიდი ხნის წინათ უნდა დაწყებულიყო, სულ მცირე, 2014-ში. თუმცა, იმის გათვალისწინებით თუ რამდენი ომი დაიწყო რუსეთმა ან მხარდაჭერა აღმოუჩინა, ეს კიდევ უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო.

ევროპას ძალიან, ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს ომების და ის ვერ დაუშვებს ზედაპირულ მიდგომას. რუსეთზე ყველა ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს იქამდე, ვიდრე ის განაგრძობს ჩვენი მიწის ოკუპაციას. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ის დამნაშავეა და უნდა აგოს პასუხი იქამდე, ვიდრე ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობაში რჩება, ვიდრე რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვები არ დაუბრუნდებიან სახლებს. რუსეთი უნდა შეიზღუდოს სანქციებით იქამდე, ვიდრე ის პატივისცემას არ გამოავლენს მშვიდობიანი ცხოვრებისა და თითოეული მეზობლის უფლებების მიმართ.

რა თქმა უნდა, თითოეულ რუსულ სამხედრო დანაშაულს უნდა მოჰყვეს შედეგები მათთვის, ვინც ისინი ჩაიდინა. ვიმედოვნებთ, რომ ტრიბუნალი რუსული აგრესიის მიმართ, იმუშავებს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც მშვიდობა სურს ევროპაში. ამის იმედი გვაქვს. კომპენსაციის თითოეული მექანიზმი ზიანის რეგისტრაციიდან, ზარალის კომპენსაციიდან ფაქტობრივ ანაზღაურებამდე, დაიწყებს მუშაობას და ძლიერ და საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, რათა ხალხმა რეალურად იგრძნოს, რომ ომით მიყენებული ნებისმიერი ზიანი შეიძლება იყოს კომპენსირებული. ეს ომი და რუსეთის პასუხისმგებლობა უნდა გახდეს მკაფიო მაგალითი, რომ სხვებმა მისით ისწავლონ, არ წამოიწყონ აგრესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმაც, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×