
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღდგენის მექანიზმი უქმდება. შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან ერთჯერადად გათავისუფლებას, რომლებსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვთ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილია სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს აქვს შეჩერებული დღეის მდგომარეობით მართვის უფლება.
არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია - სულ 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის:
ალკოჰოლური თრობის საფუძვლით -18 310;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის - 1 134;
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის - 3 504;
ქულების ამოწურვისთვის - 781;
სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით - 327;
სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო - 11 389.