
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება“.
„ჩვენ ვთქვით, რა არის წინაპირობა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის. ეს ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღიარებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რუსეთის ფედერაციამ და რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იციან, რა არის წინაპირობა ურთიერთობის ნორმალიზების. ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ და ამის წინაპირობაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.