
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მონაცემთა ბაზა რეპრესიული ინსტრუმენტი იქნება.
ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, ბაზის ამოქმედება, რომელიც 2026 წლის 1-ელი მარტიდან იგეგმება, შეამცირებს მოქალაქეების მიმართვიანობას ექიმებთან, ფსიქოლოგებთან და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვას.
მისი თქმით, არ არის განსაზღვრული პირადი მონაცემებისა და სამედიცინო საიდუმლოების დაცვის მექანიზმები, რაც სისტემას „პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად“ აქცევს.
მან, ასევე, გამოთქვა შეშფოთება, რომ მონაცემთა ბაზა შესაძლოა, გამოყენებული იქნას პოლიტიკური ოპონენტების, აქციის მონაწილეებისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის საარჩევნო პროცესების დროს.
„თურქმენეთითა და ირანით დაინტერესებულმა რეჟიმმა ახალი რეპრესიული ცვლილებები დააინიცირა. ამჯერად კანონი, რომელიც საზოგადოებში ერთ-ერთი მოწყვლად ფენას ეხება - ეს არიან ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ან დამოკიდებულები არიან სხვადასხვა ფსიქიკურ ნივთიერებაზე. გარდა იმისა, რომ ამ ცვლილებებით ირღვევა ადამიანების საბაზისო უფლებები, მეორეს მხრივ, მონაცემების კონფიდენციალურობა და სამედიცინო საიდუმლოება, ამის გარდა ხელისუფლების ხელში ქმედითი და კონტროლის მექანიზმი შეიძლება გახდეს. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული კლასიკური დიქტატურისკენ.
ყველაზე ნათელი ქვეყნების მაგალითი, სადაც არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი, არის რუსეთი. საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, სადაც ფსიქიკური დაავადება თუ რამე სხვა იყო სტიგმა. საქართველო ყოველთვის გამონაკლისი იყო ფსიქიატრიაში და საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებშიც კი მსგავსი არაფერი მომხდარა , რაც ახლა ამ კანონით ინიცირდება. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ შეიქმნება ერთიან მონაცემთა ბაზა, რომელსაც შექმნის და გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც არ იღებს პასუხისმგებლობას, არც დარბევებზე , არც მოწამვლაზე, რომლის ნდობა დღეს ნულზე არის დასული, ამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს ბაზა.
ამ ბაზის შექმნა დაგეგმილია 2026 წლის 1-ელი მარტიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ბაზის პირობებში შემცირდება ექიმებთან მიმართვიანობა, შემცირდება ადამიანების პრობლემის გადაჭრა ფსიქოლოგებისგან , საერთოდ გამოირიცხება ადამიანების მიმართვა ისეთ სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რომელიც შეცვლის ადამიანებს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებისგან. არ არის განსაზღვრული წესი თუ როგორ არის დაცული ადამიანების პირადი მონაცემები, სამედიცინო საიდუმლოება.
მეორე, ეს იქნება პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, აქციის მონაწილეები , რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები , ნებისმიერი ადამიანი,რომელიც რეჟიმს არ ეთანხმება და მასთან პრობლემა აქვს, შერაცხული იქნება გიჟად ან რაღაცაზე დამოკიდებულად, რაც კატასტროფული მიდგომა. აგრეთვე, არ არის განსაზღვრული, თუ რა ფუნქციით იქნება გამოყენებული ბაზა, მაგალითად, საარჩევნო პერიოდში. ვიცით, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება სოციალურად დაუცველთა ბაზას მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს და ამით გავლენას ახდენს საარჩევნო შედეგზე. ერთ-ერთი მძიმე, უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც არ ეხება უბრალოდ პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულების ადამიანებს, არამედ ყველას”, - განაცხადა დათუნაშვილმა.