
ბერლინში გამართული მოლაპარაკებების დროს დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინულ მხარეზე ზეწოლას ახორციელებდნენ დონბასის სრულად დასათმობად.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ოფიციალურმა წყარომ, რომელიც ინფორმირებულია მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ, სააგენტოს განუცხადა, ამერიკელ მომლაპარაკებლებს სურთ, უკრაინამ უარი თქვას დონბასის კონტროლზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობის სახით.
წყაროს თქმით, „პუტინს სურს ტერიტორიები“.
„ფრანს პრესის“ რესპონდენტმა აღნიშნა, რომ აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე.
ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი დღეს და გუშინ გაიმართა. ცოტა ხანში ბერლინში დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკისა და ფრიდრიხ მერცის ორმხრივი შეხვედრა, მოგვიანებით კი, მათ შეუერთდებიან საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერები.