
პირველი ოქტომბრის საღამოს, თბილისში, თემქაზე, ახალგაზრდა კაცს, გიგა ავალიანს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს ბიჭები დაესხნენ და თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილას მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გიგას კლინიკაში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გიგა ავალიანი 28 წლის იყო. სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული და ცოდნის გასაღრმავებლად ამერიკაში აპირებდა წასვლას. ამისთვის ფულს აგროვებდა, რის გამოც სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში ამეცადინებდა. სწორედ ამ საქმემ შეიწირა უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე.
სამართალდამცავებმა მომხდარის გამო ორი პირი დააკავეს. ორივე არასრულწლოვანია, 17-17 წლისანი. ერთი მათგანი სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით ზის, მეორე _ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის. ამ უკანასკნელმა ვიდეოც გადაიღო, თუ როგორ ურტყამს გიგა ავალიანს გოგონას შეყვარებული…
პროკურატურის თავდაპირველი ვერსიით, მასწავლებელი თავისი მოსწავლე გოგონას შეყვარებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. სრულიად სხვა ვერსიაზე საუბრობს „სარკესთან“ გარდაცვლილის დედა, ეკა კუპატაძე:
„ორი ბინა გვაქვს, ერთში ვცხოვრობდით და მეორეში ვამზადებდით. ადრე მე მოსამზადებელი ცენტრი მქონდა. მერე დედა გარდამეცვალა, სხვა პრობლემებიც დაემატა და გავაუქმეთ ის ცენტრი, თუმცა მე მაინც ვამზადებდი აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს, გიგა კი _ მოსწავლეებს მეთერთმეტე კლასის ჩათვლით.
41 აბიტურიენტი მე მყავდა, 56 მოსწავლე _გიგას. დილის 10 საათზე იწყებდა მუშაობას და საღამოს 10-ზე ამთავრებდა. ამ შრომისგან გიგა გადაღლილი სულაც არ იყო. მათემატიკა ძალიან კარგად იცოდა და სიამოვნებას ანიჭებდა, რომ ბავშვებს ასწავლიდა. უზომოდ ბედნიერი ოჯახი მქონდა.
სახლში მისულს გიგა არ დამხვდა. კარი დაკეტილი და შუქი ჩამქრალი იყო. დავურეკე და კლინიკიდან მიპასუხეს.
ჩემი მეზობელი იმ დღეებში აივანს აკეთებდა, მეგონა, რაღაც გადმოუვარდათ და ის დაეცა გიგას. იმ ღამეს ცოტა ხნით ქარიც ყოფილა. მეგონა, ვინმეს აივნიდან გადმოვარდა რაღაც. ბავშვმა ან რომელიმე უწესო მოქალაქემ გადმოაგდო რამე და დაეცა თავზე-მეთქი. ისიც ვიფიქრე, ვინმეში ხომ არ აერიათ-მეთქი… მაშინ ახლოვდებოდა 4 ოქტომბრის აქციები და იმანაც გაიჟღერა, აქციის ორგანიზატორებს უსწორდებიანო. რადგან სრული განუკითხაობაა ყველა მიმართულებით, შეიძლება ვინმეში შეეშალათ და თავს დაესხნენ-მეთქი, თორემ აქციებზე არ დადიოდა. ძარცვაც დავუშვი, რადგან გიგას უყვარდა ოქროს სამკაულები და სულ თან ატარებდა დიდ სამაჯურს, ბეჭდებს… კარის ზღურბლს არ გადააბიჯებდა ამ სამკაულების გარეშე, რომლებიც თავად შეიძინა. ფულიც სულ ჰქონდა საფულეში.
ბევრი რამ დავუშვი, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გამიზნულად მომიკლეს შვილი! ჩემი ტვინით გატენილი შვილი თავის ქალის გარეშე დავკრძალე. ტვინის დიდი ნაწილი საოპერაციო მაგიდაზე დაანთხია.
სასამართლო პროცესზე იყვნენ ეს არასრულწლოვნები… იყო ეს ბანდა იქ და მანდატურს აგინეს და, მგონი, რაღაცაც ესროლეს. მხოლოდ ბიჭები კი არა, გოგოები უნდა გენახათ, რეებს აკეთებდნენ. ერთი გოგოა, ა.ნ., 17 წლის გახლავთ და ის არის ამ მკვლელობის ორგანიზატორი! ნ.ი-ს გააცნო ა. გ. ა. ნ.-მა და ამ უკანასკნელმა დაგეგმა მკვლელობა. მისი სიტყვებია „მივუხტეთ და დავლეწოთ“. დიალოგი უნდა ნახოთ, ის შეყვარებული რამდენჯერ ამბობს: „გადავუხსნი შუბლს“, „დავადებილებ“, „მოვკლავ“, „ფეხზე რომ ვერ დადგეს, ისეთს დავმართებ“, „თავში ჩავარტყამ“… ეს იყო გამიზნული მკვლელობა! 5-6 ადგილას აქვს თავში ჩარტყმული.
ექიმს სრულად არ ჰქონდა გიგას დაზიანებები აღწერილი. 19-წამიანი ვიდეო გადაიღეს და მისი გათიშვის შემდეგ კიდევ ურტყეს. ეს არა მხოლოდ იმ შეყვარებულს ჩაუდენია, გადამღებიც ურტყამდა, რადგან გიგას ორივე მხარეს ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. ფეხის ქუსლზეც ჰქონდა დაზიანება, ალბათ ზემოდან ჩაარტყეს ფეხზე ფეხი… თავზე უკან ჰქონდა დარტყმული, შუბლზე კი ჰქონდა უზარმაზარი ჰემატომა, რომელიც „ვერ შეამჩნია“ ექიმმა.
ყველა დაზიანება მახსოვს, რადგან იმ დაზიანებებზე გიგას მამა გაბრიელისა და მაცხოვრის საფლავიდან წამოღებულ ზეთსა და წყალს ვუსვამდი.
ის გოგო ამ მკვლელობის დამკვეთი და ორგანიზატორია და აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ის ამ თავდამსხმელ ბიჭებზე მეტადაა დამნაშავე! ამ გოგომ ჩემი შვილი მიწაში ჩადო, ორი ბიჭი კი ციხეში გაუშვა! სწორედ ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე!..
16 წლისამ დაგეგმა მკვლელობა! არ მაინტერესებს, რამდენი სანთელი ჩააქრო დაბადების დღეზე, ის მკვლელია! 16 წლისა რომ ამას აკეთებს, მერე რას იზამს?! ახლა მხოლოდ სკოლით, ცეკვის წრით, მასწავლებლებთან სიარულით შემოიფარგლებოდა მისი სანაცნობო წრე. რაც უფრო მეტი წვდომა ექნება საზოგადოებასთან, შესაძლოა, უამრავი ადამიანი გახდეს მისი მსხვერპლი! არ გავჩერდები, სანამ ამ გოგოს არ დააპატიმრებენ! შევეწირები ამ ამბავს!
მერხი, სკამი, მოსწავლე - ყველაფერი შემძულდა! თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ უბრალო მათემატიკოსი არ გახლდით… გამოცდების ცენტრის თანამშრომელი ვარ და ტესტებს მე ვადგენდი საგამოცდოდ. ამ ცენტრსაც ჩავეხსენი ახლა და მხოლოდ გიგა ავალიანის ღირსების დასაცავად ვიბრძვი. პირობას ვდებ, რომ მისი სიცოცხლის ხელყოფისთვის ყველა სათანადოდ დაისჯება! ჩემი შვილი ნიკაც ყველაფერს შეეშვა და ახლა ორივე ვიბრძვით გიგასთვის!“ - განუცხადა "სარკეს" ეკა კუპატაძემ.
წყარო: სარკე"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე