
ცნობილი დიზაინერის დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით - "შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, რომ 42 წლის დათუნა სულიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამიზნე 9 დეკემბერს იმ დროს გახდა, როდესაც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან მეგობართან, გიორგი ჩუთლაშვილთან ერთად გამოვიდა და ტაქსი გამოიძახა.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე, გიორგი ჩუთლაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე მეტრი ჰქონდათ გავლილი, როდესაც მოულოდნელად ტაქსის, რომლითაც დათუნა სულიკაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიცია აედევნა. სამართალდამცველებმა ჯერ მძღოლი გადაამოწმეს, შემდეგ კი მგზავრები.
ანალოგიური ჩვენებას აძლევს პოლიციას ტაქსის მძღოლი, გოჩა მამულაშვილიც.
მოწმეების ინფორმაციით, დათუნა სულიკაშვილმა პოლიციას აკრძალული ნივთიერება "თავად გადასცა", თუმცა ამ გარემოებას საეჭვოს თავად დიზაინერის მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენებ ხდის.
გამოკითხვის ოქმში, რომელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორშია შედგენილი, უკანონო ნივთიერების ფლობას თავად დიზაინერი არ ადასტურებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ვერსიას, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება დათუნა სულიკაშვილმა პოლიციას თავად გადასცა, მისი მეგობრები კატეგორიულად გამორიცხავენ.
"შაბათის ეთერთან" ინტერვიუში დიზაინერის ახლო გარემოცვის წევრი, ბუკა კვარაცხელია ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცველებმა ტაქსიში იპოვეს და ვარაუდობს, რომ ის სულიკაშვილს არ ეკუთვნოდა.
დათუნა სულიკაშვილმა ნარკოტიკი პოლიციას თავად გადასცა თუ ავტომნობილიდან ამოიღეს? - "შაბათის ეთერმა" ამის გარკვევა საქმის ოქროს მოწმესთან სცადა. გიორგი ჩუთლაშივლი ჟურნალისტს შეხვედრაზე დათანხმდა. საბოლოოდ, კი არ შეხვდა და უთხრა, რომ მამხილებელი ჩვენება მას პოლიციისთვის არ მიუცია.
წყარო: tvpirveli