რეზონანსი
13.12.2025

ალექსანდრ ლუკაშენკომ, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, უცხო ქვეყნის 123 მოქალაქე შეიწყალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკომ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის თხოვნით მიიღო.

„აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, ასევე ბელარუსის კალიუმის მრეწველობის წინააღმდეგ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნასთან და ბელარუსის წინააღმდეგ სხვა უკანონო სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეიწყალოს სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებული იყვნენ ჯაშუშობის, ტერორიზმისა და ექსტრემისტული საქმიანობის ბრალდებით.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გათავისუფლებულ პირებს შორის არიან გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები. ამასთან, ნოემბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში, შეწყალებულ პირთა საერთო რაოდენობა 156-ია.

„ბიბისი“ წერს, რომ გათავისუფლებულთა შორისაა ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა. მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნაში, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებებისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ამასთან, გათავისუფლებულებს შორისაა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი - ალეს ბიალიაცკი.

„ბიბისის“ ცნობით, გათავისუფლებულთა ჯგუფი უახლოეს დროში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×