რეზონანსი
13.12.2025

პოლიტიკურ საკითხებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა სტივენ მილერმა Fox News-ის ეთერში სომალელი ლტოლვილების მონაწილეობით სავარაუდო თაღლითობის სკანდალი შეაფასა, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა, ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყოს.

მილერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლტოლვილთა იმპერიის შესახებ სიმართლეს ფარდა ახადა. მან ასევე ხაზი გაუსვა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მილიარდობით დოლარით დაფინანსებას, რომლებიც ლტოლვილების აშშ-ში ჩამოყვანას, მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას და სოციალური დახმარების ყველა პროგრამაში ჩართვას უზრუნველყოფენ.

თეთრი სახლის მრჩეველმა, ამ ორგანიზაციების მიერ დაგროვებული დიდძალი ქონება და მათი ქმედება შეაფასა, როგორც „საშინელება და სამარცხვინო“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ლტოლვილთა ე.წ. ინდუსტრიული კომპლექსის შესახებ სიმართლე სააშკარაოზე გამოიტანა. ისტორიულად, აშშ-ის მთავრობამ ბაიდენის დროს ეს საკითხი უკიდურესობამდე მიიყვანა, რადგან გრანტების სახით არასამთავრობო ორგანიზაციებს მილიარდობით დოლარს ურიგებდა. არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლობენ სახელმწიფო დეპარტამენტთან, რათა იპოვონ უღარიბესი მოსახლეობა მსოფლიოს ყველაზე დისფუნქციურ ადგილებში და გადაასახლონ ისინი ამერიკის პატარა ქალაქებში. ისინი, როგორც წესი, ეძებენ სოფლის მსგავს თემებს სრული ტრანსფორმაციისთვის. ისინი სახლდებიან ოჰაიოს და მენის პატარა ქალაქებში, ხოლო ცენტრალური პროექტი მინეაპოლისსა და სენტ-პოლში, მინესოტაში ხორციელდება. ეს არაკომერციული ორგანიზაციები უზომოდ მდიდრდებიან. ისინი დიდ ქონებას აგროვებენ. ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი არაკომერციული ორგანიზაციები, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს და მათი საქმეა ლტოლვილების აქ გადმოყვანა, მოქალაქეობის მიღებაში დახმარება და იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი ჩაერთონ სოციალური დახმარების ყველა პროგრამაში. ეს საშინელება და სამარცხვინოა. პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ყველა ლტოლვილის გასახლება“, - განაცხადა მილერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×