
თუ არაფერი შეიცვალა, რომელიმე ჩვენი მეზობელი წაიღებს ავტომობილების რეექსპორტის დარგს. ჩვენ უბრალოდ ჩვენ პორტთან ერთად სატრანზიტო დერეფნად დავრჩებით, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა განუცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ავტომობილების რეექსპორტით დაკავებული ადგილობრივი პირებისთვის კვლავაც გამოწვევას წარმოადგენენ ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან საქართველოში ჩამოსული დილერები, რომლებსაც ავტომობილები თავად ჩამოჰყავთ და შემდეგ რეექსპორტზე გაჰყავთ.
დარბაისელის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში შეხვედრაც გაიმართა, სადაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ზემოთ აღნიშნულ საქმეზე ათეულობით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჯარიმდა, თუმცა საკითხი ბოლომდე კვლავაც გადაუჭრელია.
„ჩვენს თავზე აღარ ვსაუბრობ უკვე იმდენი ხანია რთულ სიტუაციაში ვართ. თუ არაფერი შეიცვალა, საქართველოს დაკარგავს ამ ბიზნესს. ცალკე საკითხია ის, თუ რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი; ბევრია ისეთი პირი, რომელსაც მეორე და მესამე სამსახურად აქვს ავტომობილების რეექსპორტი. თუ საქართველო დაკარგავს ამ ბიზნესს, ყველა ყველაფერს დავკარგავთ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ძირითადი საქმიანობა იქნება, მეორე თუ მესამე.
ჩვენ შეხვედრა გვქონდა შემოსავლების სამსახურში. იმ შეხვედრაზე მხარდაჭერა მივიღეთ სახელმწიფოს მხრიდან - ყოველ შემთხვევაში, ასეთი პოზიცია ჰქონდათ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხვადასხვა დარღვევაზე რამდენიმე ათეული უცხოელი ავტოიმპორტიორი დააჯარიმეს და მათ დატოვეს ბაზარი. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ქართველ ბიზნესმენებთან შემოდიოდნენ კონკურენციაში. თუმცა, არის კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი და ჯგუფი და იმედი გვაქვს, რომ კონტროლი გაგრძელდება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ლაშა დარბაისელმა.