რეზონანსი
12.12.2025

აშხაბადში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სამშვიდობო ძალისხმევა განიხილეს.

როგორც სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით წერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეხვედრისას განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მან აღნიშნა, რომ ანკარას შეუძლია, ყველა ფორმატის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.

ერდოღანის განცხადებით, ომის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა ღირებულია და აღნიშნა, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია ისეთ სფეროებში, რომლებიც ორივე მხარისთვის შესაძლოა სასარგებლო იყო.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ სასარგებლო იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეზღუდული რეჟიმის გამოცხადება, უპირველეს ყოვლისა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან და პორტებთან დაკავშირებით.

ამას გარდა, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს პალესტინის და სირიის საკითხები, ასევე სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესი.

თურქეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კრემლიც. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის ერთობლივი პროექტები, როგორიცაა აკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.

კრემლის განცხადებით, ასევე განიხილეს უკრაინის, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. მათივე ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა განიხილეს „რუსული აქტივების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ევროპელების მცდელობები“.

„მხარეები შეთანხმდნენ აზრზე, რომ მსგავსი დაუფიქრებელი ქმედებები ევროპელების მხრიდან ფაქტობრივად გამოიწვევს ბრეტონ-ვუდსის სისტემის და ფინანსური სისტემის საერთაშორისო პრინციპების ჩამოშლას“, – ნათქვამია კრემლის პრესრელიზში.

პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა აშხაბადში საერთაშორისო ფორუმის  – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში შედგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×