რეზონანსი
12.12.2025

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს ეხმაურება. ზურაბიშვილი კობახიძეს პოლიტიკას უწუნებს  და წერს, რომ პუტინის გამოსვლის დროს მას დარბაზი უნდა დაეტოვებინა.

"მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს და იმ საზარელ სურათს, რაც ჩვენ დავინახეთ ეკრანებზე - ამ ქვეყნის ე.წ. პრემიერი, რომელიც თურქმენეთშია ჩასული, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემაა ნეიტრალიტეტი, ამ კონფერენციას ესწრება პუტინის გვერდში დგომით. არა მხოლოდ გვერდით უდგას, არამედ როდესაც პუტინი გამოდის სიტყვით, კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან, რაც არის პროტესტის ჩვეულებრივი ფორმა. ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, თუ სად მიდის და სად არის მისული ეს რეჟიმი. ნეიტრალიტეტი არის ოცნება არა საქართველოს, არამედ რუსეთის, რომ დაამკვიდროს ნეიტრალიტეტი უკრაინაში, საქართველოში და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ. ეს არის რუსეთის საუკუნის ოცნება, რასაც ასრულებს ივანიშვილი-კობახიძის რუსული რეჟიმი.

არ შეიძლება ამას ჩუმად შევხდეთ და რეაგირება არ გვქონდეს. იმიტომ, რომ ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა და ტოვებს ევროპული ინტეგრაციის გზას და უერთდება რუსეთის გზას" - განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს თურქმენეთში, აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას ესწრებოდა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×