
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გრძელვადიან გაყინვაზე შეთანხმდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამ შეთანხმების მიღწევა გადაწყვეტილების ყოველ ექვს თვეში ერთხელ კენჭისყრის ხელახლა ჩატარების საჭიროებას ჩაანაცვლებს.
როგორც „როიტერი" წერს, ეს ნაბიჯი ევროკავშირის გეგმის საფუძველია, რომელიც ბლოკის წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემთ, რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინას სესხის ან დახმარების სახით გადასცენ.
ევროკომისიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა კიევს საშუალებას მისცემს, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიეროს.
გამოცემა წერს, რომ ცვლილება უნგრეთსა და სლოვაკეთს აღარ მისცემს საშუალებას, ვეტო დაადონ აქტივების გაყინვის გაგრძელებას ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
ბელგია, რომელიც ევროპაში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების 210 მილიარდი ევროდან 185 მილიარდს ფლობს, ბლოკის უმეტესი ქვეყნის პოზიციას სკეპტიკურად უყურებს.
მედიის ცნობით, რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმება გრძელვადიან პერსპექტივაში აღმოფხვრის უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებულ რისკებს.