რეზონანსი
11.12.2025

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ „ცაავა და სხვების საქართველოს წინააღმდეგ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცავებსა და სახელმწიფო ორგანოებზე. დადასტურდა სახელმწიფოს სრული ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

სალიას თქმით, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა გამოძიების მიმდინარეობისას.

„მართალია, პროკურატურამ მყისიერად დაიწყო გამოძიება, თუმცა თავად სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა დარღვევები, რაც გულისხმობდა, რომ არ იქნა სათანადოდ შესწავლილი შსს-ს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა და ასევე, რამდენად ადეკვატური და პროპორციული ძალა გამოიყენეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების მიმართ. ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. თუმცა, ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა სასამართლოსთან ამ გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, თავად საქართველოს პროკურატურამაც ჯერ კიდევ 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ, ამ მიმართულებით სწორად გაააქტიურა გამოძიება და გამოკვეთა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, რისი შედეგიც იყო უკვე 2025 წლის 12 ნოემბერს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა სწორედ ის გარემოებები, რაზეც უკვე ჩვენმა პროკურატურამ იმუშავა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილი გარემოებები გათვალისწინებული იქნება მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც. ამით ვფიქრობ, წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც იმას ეხებოდა, თითქოს გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. მგონი, ამ საკითხზე არანაირი კითხვები აღარ უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა სალიამ.

ამასთან, მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირების მიერ გარკვეულ შემთხვევებში დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტებას.

„პირველ რიგში, როდესაც ვახსენე, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, სწორედ ეს ვიგულისხმე, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა რეზინის ტყვიების გამოყენებას და დაზარალდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიძლება, აქტიურად არ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს“, – აღნიშნა სალიამ,

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი და შესასწავლია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რაც ეხება უშუალოდ რეგულაციების შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან.

„ჩვენ მოვისმინეთ ეს განმარტება, თუმცა იმისთვის, რომ უკვე საფუძვლიანად და შინაარსობრივად ვიმსჯელოთ, საჭიროა, დეტალურად გავეცნოთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საქართველოს მთავრობა იზიარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საქართველო არის ალბათ ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რაც იქნება დაფიქსირებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, წერტილი უნდა დაესვას იმ განცხადებებს, რაც ეხება გახარიას პოლიტიკურ დევნილად წარმოჩენას.

„რაც შეეხება იმას, რომ დემონსტრაციის დაშლისას გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ამას არ უარვყოფთ. ეს ჩვენი გამოძიების ფარგლებშიც გამოიკვეთა და სწორედ ამიტომ იქნა დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი პრემიერი წინააღმდეგ 2025 წლის 12 ნოემბერს. სწორედ ამას ვგულისხმობთ. ახლა გამარჯვება არის ეს, თუ – არა, სხვა საკითხია. ჩვენ ვსწავლობთ იმას, მოხდა თუ არა ამ ადამიანების უფლებების დარღვევა, შეიძლებოდა თუ არა ამ დარღვევების თავიდან აცილება, შეიძლებოდა თუ არა იმ ზარალის თავიდან აცილება, რაც მაშინ დადგა და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი ჰქონდა ამ აქციის დაშლას. ეს არაერთხელ დაგვიფიქსირებია ჩვენი მხრიდან. სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ ამ გამოძიებას, რომ პასუხისმგებელმა პირებმა სათანადო სამართლებრივი პასუხი აგონ“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).

ცნობისთვის, საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ საქართველოს პროკურატურამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×