რეზონანსი
11.12.2025

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო ჩერნობილის კატასტროფასთან დაკავშირებით. დოკუმენტს 97-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ. აშშ-მა, რუსეთმა, ბელარუსმა და კიდევ ხუთმა ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, 39-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

დოკუმენტის სახელწოდებაა „ჩერნობილის კატასტროფის შედეგების შესწავლის, შემცირებისა და მინიმიზაციის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინაციის გაძლიერება“.

მიღებული რეზოლუცია აღიარებს ავარიის ხანგრძლივ სერიოზულ შედეგებს და დაზარალებული თემების მხარდაჭერის აუცილებლად. ტექსტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება დაზიანებული ენერგობლოკის თავზე დამცავი სარკოფაგის დაზიანების გამო 2025 წლის თებერვალში რუსეთის დრონის თავდასხმის შედეგად, რამაც საფრთხე შეუქმნა ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მიმართ საერთაშორისო ძალისხმევას.

მიღებული დოკუმენტი ასევე ოფიციალურად ადგენს ინგლისურ ენაზე ჩერნობილის სახელწოდების ჩაწერას უკრაინული ტრანსლიტერაციით – Chornobyl, ნაცვლად Chernobyl-ისა. გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა რეზოლუციის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია განმარტა არა ბირთვული უსაფრთხოების მხარდაჭერაზე უარის თქმით, არამედ გაერო-ს ფორმულირებებთან იდეოლოგიური უთანხმოებებით.

„შეერთებულმა შტატებმა ტექსტის წინააღმდეგ მისცა ხმა, რადგან ის მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგს ეხებოდა. 2030 წლის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარების მიზნები ხელს უწყობს გლობალური მმართველობის რბილ დღის წესრიგს, რომელიც შეუთავსებელია აშშ-ის ეროვნულ სუვერენიტეტთან და ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებს“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს და უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ომის პირობებში ინციდენტების თავიდან აცილებისკენ მიმართულ ძალისხმევებს.

უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, ანდრეი მელნიკმა კი მწვავედ გააკრიტიკა ბელარუსის მცდელობები, წარედგინა რეზოლუციის ალტერნატიული ვერსია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მადლობა გადაუხადა 97 სახელმწიფოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

„მადლობას ვუხდით 97-ვე წევრ სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა თავისი თანამგზავრის, ბელარუსის გამოყენება თავისი დანაშაულების დასამალად და ალტერნატიული ტექსტის წარსადგენად, რომელშიც ჩერნობილის ობიექტებზე თავდასხმების შესახებ არანაირი ხსენება არ იქნებოდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ გადგა განზე და უარი თქვა ბელარუსის პროექტის მხარდაჭერაზე“, – წერს სიბიგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×