რეზონანსი
11.12.2025

"ყველაფერი, რასაც ჩვენ ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე ვამბობდით, დღეს უკვე აშშ-ის - ევროკავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორის - მიერ დადასტურებული, დამტკიცებული და მხარდაჭერილია,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, ევროკავშირი "ცივილიზაციური განადგურების" პირას აღმოჩნდება.

მისი თქმით, ღირებულებების უგულებელყოფა არსად გამოვლენილა ისე თვალსაჩინოდ, აშკარად და დამაზიანებლად, როგორც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში.

"პოლიტიკური ცვლილებები ბრიუსელში გარდაუვალია.

ყველაფერი, რასაც ჩვენ ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე ვამბობდით, დღეს უკვე აშშ-ის - ევროკავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორის - მიერ დადასტურებული, დამტკიცებული და მხარდაჭერილია. მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, ევროკავშირი "ცივილიზაციური განადგურების" პირას აღმოჩნდება, როგორც ეს აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაშია ნათქვამი.

ეს ცივილიზაციური უფსკრული, პირველ რიგში, იმ ძირითად ევროპულ ღირებულებებს ეხება, რომლებსაც ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს ღიად უგულებელყოფს. ამასთან, ღირებულებების უგულებელყოფა არსად გამოვლენილა ისე თვალსაჩინოდ, აშკარად და დამაზიანებლად, როგორც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში.

ძალადობის მხარდაჭერა, ხელისუფლების გარედან შეცვლის მცდელობები, ეროვნული სუვერენიტეტის იგნორირება, ქართველი ხალხის ნებაზე მაღლა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების დაყენება, მშვიდობისა და სტაბილურობის ნაცვლად კონფლიქტის გზის არჩევა, უმრავლესობის მმართველობისადმი უპატივცემულობა პოლიტიკური უმცირესობის დიქტატის სასარგებლოდ - ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის დამაზიანებელი მიდგომის აშკარა მახასიათებლები.

ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ კავშირი ღრმა, მზარდ და სისტემურ კრიზისამდე მიიყვანა, რამაც გლობალურ გეოპოლიტიკაში ევროკავშირის პოზიციის უპრეცედენტო შესუსტება გამოიწვია. ბრიუსელი პრაქტიკულად იზოლირებული აღმოჩნდა თავისი, იდეოლოგიაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გამო, რომელიც კიდევ უფრო დაზიანდა უკრაინაში მომხდარი მსხვილი კორუფციული სკანდალით.

გამოხატვის თავისუფლების სახელით ჩახშობილმა სიტყვის თავისუფლებამ არა მხოლოდ ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ მსოფლიოც გააოგნა. ევროპული ეკონომიკის დაღმასვლამ მთავრობების მიმართ საზოგადოების იმედგაცრუება გააღრმავა. რაც მთავარია, ევროპული ღირებულებების მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის წინდაუხედავმა დამოკიდებულებამ ევროპის კულტურული იდენტობის კრიზისი გამოიწვია, რამაც ტრადიციული და პატრიოტული პოლიტიკური ძალების მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთა.

სამწუხაროდ, კრიზისზე ბრიუსელის რეაქცია რეალობისგან გაქცევა უფრო ჰგავს, ვიდრე მოქმედების მზაობას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის, კაია კალასის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ბრიუსელი ვერ აცნობიერებს მისი ცივილიზაციური კრიზისის რეალურ მასშტაბს, რაც ზრდის რისკს, რომ ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით დარჩეს ევროპული.

ახლა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ხმამაღლა გააფრთხილა ევროპის ხალხები მომავალი უფსკრულის შესახებ, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, თუ ვისთვის ისმის ეს განგაშის ზარი.

განგაშის მიზეზი ცხადია - ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასცდა ევროპის ხალხების ინტერესებს. გამოსავალი კი ერთია - ევროპის ხელისუფლებებმა უნდა უსმინონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ მათი ნების შესაბამისად, რათა ევროკავშირს დაუბრუნდეს დემოკრატიული სულისკვეთება, რომლის გარეშეც მისი არსებობა აზრს კარგავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა გაყოფილი, ფორმადაკარგული და საკუთარ თავთან კონფლიქტში მყოფი, არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა," - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×