
„გვაქვს გეგმა: კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, რათა იმავე ფასად შევძლოთ ახლის მშენებლობა",- ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევას. კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც განიხილა და აღნიშნა, რომ „ჩვენთან გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა მოქმედებს".
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახალი ინიციატივა მათ შორის, ეკონომიკის ზრდასაც შეუწყობს ხელს.
„ყველა საკითხზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ჩვენი საჯარო მომსახურეებისთვის შრომის პირობები, ხშირ შემთხვევაში, არ არის სათანადო. აქედან გამომდინარე, ჯერ დაზუსტებული არაა რომელ უწყებებს შეეხება, თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმისთვის, რომ იმავე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას.
ერთი მხრივ ეკონომიკური აქტივობა იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც, მეორე მხრივ საინვესტიციო მიზნებით როცა მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას. ანუ ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა კობახიძემ.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განხილვისას კი აღნიშნა, რომ „როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს".
„აქ მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი - 50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე. თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, შენ არ შეიძლება პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას. შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა.
არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი ამ პერიოდის განმავლობაში და ახლა შედის კიდევ ერთი ცვლილება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში". მთავარი მიზანია, რომ 50, 100 ან თუნდაც 150 კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს. როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს",- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე უსწრებს ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს.
„რეალურად, ყველა ხედავს, რა ვითარებაა.
- ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს.
„ჩვენ ხშირად ვთხოვთ ხოლმე, მათ შორის, ევროპელ კოლეგებს, წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები, თუ რაიმე შენიშვნა აქვთ სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით.
მაგალითად, წლების განმავლობაში ვითხოვდით, წარმოედგინათ, სასამართლოს თუნდაც ერთი საქმე, სადაც ისინი ხედავდნენ უსამართლო გადაწყვეტილებას. ვერცერთ ასეთ საქმეზე ვერ გვესაუბრებოდნენ, უფრო მეტიც, იყო არაერთი საქმე, პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმე, მათ შორის, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში და ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მოიწონა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა ვითარებაა მართლმსაჯულების სისტემაში. ამ ფონზე, ჩვენ გვახსოვს, რომ მთელი რიგი კამპანიები იყო ინიცირებული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა, ყველა ეს კამპანია ჩავარდა სწორედ იმის გამო, რომ სინამდვილე არის სხვა.
- სინამდვილე არის ის, რომ ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კობახიძე აფხაზეთში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველო ტვირთებს არ გაატარებს.
„თავის დროზე, წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.
მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია.
ზოგადი შეთანხმება არსებობს, მაგრამ ამ კუთხით არავითარი აქტიურობა არ ყოფილა. ეს არის ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს და თუ რაიმე ცვლილება იქნება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენგან შეიტყობთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.