ნატალია ჯვარიძე
10.12.2025

ევროკავშირი ძალიან ახლოსაა 2026- 2027 წლებში უკრაინის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტასთან, - „როიტერსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა. მისი თქმით, ლიდერებმა ბრიუსელში 18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ შეასრულონ თავიანთი პირობა და მათთან საუბარს, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებს, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ იურიდიული და ტექნიკური გადაწყვეტის დახვეწაზე, რომელიც წევრი სახელმწიფოების სულ მცირე კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობას მოიპოვებს.

ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტასთან. დარწმუნებული ვარ, რომ 18 დეკემბერს მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა, როგორც ჩემს კოლეგებს გავუზიარე, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ 19 ან 20 დეკემბერსაც - სანამ დადებით დასკვნას არ მივაღწევთ", - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

როიტერსი წერს, რომ ვინაიდან ევროკავშირის მთავრობების უმეტესობა დიდი სახელმწიფო ვალების წინაშე დგას, მათთვის უკრაინის თავდაცვის დაფინანსების სასურველი გზაა დაახლოებით 210 მილიარდი ევროს რუსული სუვერენული აქტივების გამოყენება, რომელიც ევროპაში 2022 წელს მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგაა გაყინული.

გამოცემა განმარტავს, რომ პოლიტიკური იმპულსის მიუხედავად, პროექტი მარტივი არ არის, რადგან ბელგია, სადაც გაყინული აქტივების უმეტესობა ინახება, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან გარანტიებს ითხოვს, რომ ისინი გაიზიარებენ ნებისმიერ ფინანსურ შედეგებს, თუ რუსეთი ბელგიას ამ სქემასთან დაკავშირებით უჩივლებს და წარმატებას მიაღწევს.

ბელგიისთვის გარანტიების მიცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კულმინაციას სამიტზე - ევროპულ საბჭოზე მიაღწევს.

თსუს-ს პროფესორი და ანალიტიკოსი, კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რუსული აქტივების გამოყენება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„დღევანდელ პირობებში, როცა უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს ფინანსებთან დაკავშირებით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემაზე უკრაინის ლიდერებმა არაერთხელ ისაუბრეს.

ასე რომ, ამ თანხების გამოყენებას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 

  • ამის გარეშე უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ შეძლებს. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს მოსახლეობის რაღაც მინიმალური მოთხოვნილებები მაინც დააკმაყოფილოს და თავი დაიცვან",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×