რეზონანსი
10.12.2025

ენერგეტიკის სექტორში ჩართულ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა ერთი მილიარდი ლარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები ჯარიმებისა და საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდათ.

„ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის კონკრეტული დათქმით დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. ენერგეტიკის სექტროში ჩართულ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა ერთი მილიარდი ლარია. რაც შეეხება დათქმას: იმისთვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება, ამასთან, აღუდგებათ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ერთდროულად ორ მიზანს ემსახურება.

„ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების საგრანტო ვადებში განსახორციელებლად. დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა ამასთანავე პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი. ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას.

„ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სამინისტროს გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მომზადებისთვის. ენერგეტიკულ კომპანიებს მინდა, ვუსურვო წარმატებები განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×