რეზონანსი
10.12.2025

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე უკანასკნელი ცნობები დეჟავიუს განცდას იწვევს. როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა გასულ კვირას მოსკოვში თითქმის ხუთი საათის განმავლობაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხვდებოდნენ. შეხვედრის შემდეგ ამერიკელებმა რამდენიმე ოპტიმისტური განცხადება გააკეთეს, მაგრამ რეალურ პროგრესს ვერ მიაღწიეს.

უქმეებზე მათვე მოლაპარაკებები გამართეს მაიამიში უკრაინულ დელეგაციასთან და კვლავ პროგრესის შესახებ განაცხადეს. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის საპირწონე ევროპას მიმართავს და იმედი აქვს, რომ ის ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს ამერიკულ მხარეს, რათა ვაშინგტონმა პოზიცია შეცვალოს. ზელენსკის უკანასკნელმა შეხვედრამ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან ჩვეულ კარგ ატმოსფეროში ჩაიარა. მან ლონდონი დატოვა და ხაზი გაუსვა, რომ ევროპელი ლიდერები მყარად უჭერენ მხარს უკრაინას. ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე გამგზავრებამდე ზელენსკიმ ტერიტორიულ კომპრომისებზე წასვლა კატეგორიულად უარყო. „ჩვენი კანონების, საერთაშორისო სამართლის და მორალის თანახმად, ჩვენ არაფრის დათმობის უფლება არ გვაქვს. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც გამოცემა წერს, შესაძლოა, ზელენსკის ამ განცხადებამ ტრამპი განარისხა. Politico-თან ინტერვიუში მან ევროპას „გადაშენების პირას მყოფი“, ხოლო მის ლიდერებს “სუსტი“ უწოდა და უკრაინა არჩევნების არჩატარების გამო კვლავ გააკრიტიკა. The Telegraph-ის ცნობით, როგორც ჩანს, ზელენსკი ტრამპს კვლავ აღიზიანებს. მან უქმეებზე უკრაინის ლიდერი დაადანაშაულა იმაში, რომ მას სამშვიდობო შეთანხმების ამერიკული გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს. 

საბოლოო ჯამში, როგორც სტატიის ავტორი წერს, მთავარი მოთამაშეების პოზიციები არ შეცვლილა. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს იხილოს უკრაინის დამარცხება აღმოსავლეთით. მისი თქმით, კიევს შეუძლია საკუთარი ნებით დათმოს ტერიტორიები, ან ამას რუსეთი ძალით იზამს. ზელენსკი კვლავ უარყოფს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას. პუტინსა და ზელენსკის შორის არის ტრამპი, რომელსაც ზელენსკიზე ზეწოლის გაძლიერებასა და რუსეთზე დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესების შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

The Telegraph-ის ცნობით, უკრაინის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერებმაც კი უნდა აღიარონ, რომ ომი კრიტიკულ ზღვარზეა და კიევისთვის სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოდ ვითარდება. რუსული არმია ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად წინ მიიწევს. ისინი უკრაინის სარკინიგზო ქალაქ პოკროვსკს აკონტროლებენ. უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, პუტინი საკუთარ მიზნებს აღწევს. ის იმ რუსებს, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ, ფულს უხდის. ბევრი ახალგაზრდა რუსი მიდის ომში, რათა ნასამართლობა მოიხსნას და ვალები დაფაროს. ევროპელი ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ უკრაინისთვის მისაღებია მხოლოდ „სამართლიანი მშვიდობა“. თეორიაში ეს კარგად ჟღერს. მაგრამ, სტატიის ავტორი სვამს კითხვას: „შესაძლებელია თუ არა ე.წ. „სამართლიანი მშვიდობა“ თითქმის ოთხი წლის, ასობით ათასი გარდაცვლილისა და ასეულობით მილიარდი დოლარის ეკონომიკური შესაძლებლობების განიავების შემდეგ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×