
კონკრეტულ ფაქტებს, მონაცემებს როდესაც ეფუძნება რაღაც ტიპის კვლევა, რომელსაც თავად ევროკავშირი და ევროკომისია ატარებენ, საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციაზეა, ყოველთვის უსწრებს დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს. ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც, იგივე მართლმსაჯულების კუთხით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მაჭავარიანი ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
„ამის ძალიან კარგი მაგალითია ის, რომ რამდენი საქმეც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს, რასაც თითქოს პოლიტიკური იარლიყი ჰქონდა მიკერებული, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ჩვენ გავიმარჯვეთ. სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება ძალიან მაღალი სტანდარტით მოქმედებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ინდექსში მოწინავე პოზიციები არ გვიკვირს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში. ანგარიშის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების ათბალიანი სისტემით, საქართველოს 6.5 ქულა აქვს და ლიეტუვასთან, ასევე პორტუგალიასთან ერთად, თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში, მე-16 პოზიციაზეა.