
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ ტერაქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ALDE-ს დუმილს აფასებს. როგორც მინისტრმა „ქრონიკასთან" განაცხადა, როდესაც რადიკალურ დღის წესრიგს ახალისებ, შედეგების გაზომვა რთულია.
„შეიძლება, ასეთი სამართალდარღვევების ინსტრუქციას არავინ იძლეოდეს, მაგრამ როდესაც ახალისებ რადიკალურ დღის წესრიგს, მერე უკვე ძალიან რთულია, გაზომო, რა შედეგებამდე შეიძლება, მიიყვანო კონკრეტული სუბიექტები და კონკრეტულმა ქმედებებმა რა შედეგებამდე შეიძლება, მიიყვანოს სიტუაცია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ALDE, იგივე „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი," რომლის წევრიც „ლელოა", ჯერ ისევ დუმს და არაფერს ამბობს ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე. ALDE-ს დუმილი პარლამენტის თავმჯდომარისთვის იმის აღიარებაა, რომ პოლიტიკური ალიანსი ტერორისტთან თანამშრომლობს.