
მესამე კვარტალში კვარტალში საქართველოში ორჯერ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. არადა, შარშან - საპარლამენტო, წელს კი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პარალელურად, ქვეყნის მთავარ გამზირზე ზუსტად ერთი წელია, ე.წ. უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის მიუხედავად, ფაქტია, ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და როგორც ეკონომისტები აცხადებენ, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა უცხოური ინვესტიციების ზრდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქვეყნის ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა - ომის ნაცვლად მშვიდობა - რასაც ინვესტიციების მოცულობის მკვეთრი ზრდა მოჰყვა.
"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მესამე კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია. „ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს, 2025 წლის მესამე კვარტალში, პირველ ადგილზეა აშშ - 93.5 მლნ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა ესპანეთი - 72.1 მლნ დოლარით (13.5%), ხოლო მესამეზე თურქეთი - 70.0 მლნ დოლარით (13.1%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2%-ს შეადგენს.
მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2%-ია; მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 79.8 მლნ დოლარით (15%); ხოლო მესამე ადგილზეა სექტორი - წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა - 71.5 მლნ დოლარით (13.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 45.6% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შეაფასა. პრემიერის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. ეს ნიშნავს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას. მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია სწორედ ინვესტიციების მიმართულებით და მათი მოცულობა მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
„რეზონანსში“ უკვე ვწერდით, რომ 2025 წლის მესამე კვარტალიდან, ეკონომიკური აქტიურობა გაიზრდებოდა. დაახლოებით, ორიოდე თვის წინ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანიების 65%, მესამე კვარტალში, ინვესტიციებისთვის მზად იქნებოდა. მეტიც, ყოველი მესამე კომპანია ამბობდა, რომ დაიმატებდა სამუშაო ადგილს და ახალ თანამშრომელებს.
ეს განცხადება ეფუძნებოდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევას, რომელშიც ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასება აისახა ბიზნეს-კლიმატის, დასაქმების ბარომეტრისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. ამ კვლევის მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს.
ფაქტია, ბიზნესს უკვე ჰქონდა მოლოდინი, რომ მესამე კვარტლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზრდებოდა. აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე „რეზონანსთან“ ყურადღებას ამახვილებს, რომ ინვესტიციების ზრდის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი რეინვესტიციის მოცულობის ზრდაა.
„შარშან უფრო მეტად შეიძლება დაფიქრებულიყო ინვესტორი, ვინაიდან საარჩევნო პერიოდის ბოლო ფაზა იყო, მაგრამ დღეს ბევრად უფრო სტაბილური მდგომარეობაა ქვეყანაში. რაც შეეხება დარგებს, რომლებითაც უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ და ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, ლოგიკურია, რომ ლიდერობს უძრავი ქონება. ეს იმიტომ, რომ უცხელთა მიერ უძრავი ქონების შესყიდვა და ფასები იზრდება, რაც გარკვეულ როლს ასრულებს უცხოური ინვესტიციების მატებაში. ბოლო პერიოდში, ეს დინამიკა მზარდია და აისახა კიდეც "საქსტატის" კვლევაში“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას აკადემიკოსმა.
მთლიანობაში, მესამე კვარტალი საკმაოდ აქტიური იყო. „რეზონანსის“ კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ეს დადებითი დინამიკა და გაიზრდება თუ არა უცხოური ინვესტიციების მოცულობა მომავალშიც, ავთანდილ სილაგაძემ გვიპასუხა:
„როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, შეუძლებელია, ეს ტენდენციები გაქარწყლდეს. ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში, ეკონომიკის წინსვლას თან მოჰყვება ინვესტიციების, განსაკუთრებით, რეინვესტირების ზრდა. რამდენადაც სტაბილური იქნება ქვეყანა, მით მეტად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“, - განუცხადა „რეზონანსს“ სილაგაძემ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე კი პირველ რიგში, ხაზს უსვამს ერთ მათგანს - ხელისუფლების ღია განცხადება, რომ არ იქნება ომი, იქნება მხოლოდ მშვიდობა და ქვეყანა არ აპირებს საომარ მოქმედებებს. ეს იყო ერთგვარი გზავნილი საერთაშორისო ასპარეზზე, რომელსაც ბევრი ადრესატი ჰყავდა.
„გაითვალისწინეთ, ხელისუფლებამ ეს განაცხადა იმ დროს, როდესაც ვხედავთ, რომ ჩრდილოეთში ომის დასასრული არ ჩანს ჰორიზონტზე; სამხრეთში არავინ იცის, როდის იფეთქებს ახალი კონფლიქტი. ამას ემატება ისიც, რომ ევროპაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება, რომელიც წარმოიქმნა პანდემიის დროს და შემდეგ გაგრძელდა რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე - ეს უკვე გადაიზარდა ენერგორესურსების დეფიციტში. რამაც წარმოშვა კრიზისი, ფასების ზრდა და სოციალური პრობლემები. საქართველო რჩება კონტინენტზე ერთადერთ ქვეყნად, რომელიც ინარჩუნებს გაცხადებულ და ციფრებით დადასტურებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, საინტერესო განვითარებას ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ამის გამო იქცა საერთაშორისო აქტორისთვის მიზიდულობის არეალად. მიუხედავად ამ დაძაბულობისა, სამი წელია, ქვეყანაში სტაბილურად ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელია“, - განუცხადა "რეზონანსს" ოთარ ანგურიძემ.
იგი ადასტურებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატების დადებითი დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება, მით უფრო, როდესაც ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის - 6.5-მილიარდიანი არაბული ინვესტიციაც განხორციელდება:
„რა თქმა უნდა, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა არაბული ინვესტიციების გარდა, ქვეყანაში დაწყებულია ანაკლიის პორტის მშენებლობა და ისიც აქტიურ ფაზაში იქნება მომავალი წლიდან. 2026 წელს გამოცხადდება ახალი აეროპორტის მშენებლობა, გვაქვს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და ყველაფერი ეს, ბუნებრივია, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შემოვა ინვესტიცია, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ტრანზიტული დერეფნის უფრო მეტად დატვირთვას და განვითარებას, ხელს შეუწყობს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რაც მთავარია, უფრო მეტ სამუშაო ადგილის შექმნას ჩვენს ქვეყანაში“, - განუცხადა „რეზონანსს“ ოთარ ანგურიძემ.