რეზონანსი
09.12.2025

 დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება და ამავე დროს, ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების სულისკვეთებას - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა საქართველო-გაეროს თანამშრომლობის 5-წლიანი ხელშეკრულება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გლობალური, ეკონომიკური, თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველო წლების განმავლობაში, გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია.

მზარდი ეკონომიკა, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები, სტაბილური და მშვიდობიანი გარემო - ჩარჩო ხელშეკრულება ამ სექტორების განვითარებას ეფუძნება. სწორედ ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე და საქართველო/გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 30-წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

საქართველოსთან თანამშრომლობის განვლილი ათწლეულები გაიხსენა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმაც. დიდიე ტღებიუკის თქმით, თანამშრომლობის პირველ წლებში, გაერო ქვეყანას ეხმარებოდა კონფლიქტებისა და ეკონომიკური სირთულეების დაძლევაში, ახლა კი საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანაა, რომელიც ძლიერ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირების უზრუნველყოფაში.

ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გამართული ღონისძიების ბოლოს, საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის, 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა მოაწერეს. ხელშეკრულება ერთობლივი პროექტების განხორციელებას და 262 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსებას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×