
„ქართული ოცნება" დასავლელ ელჩებზე შეტევებს აგრძელებს და ამჯერად ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებს სტუდენტებთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებების გამო. გარდა ამისა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი ისევ გაიმეორა, რომ „ბი-ბი-სი"-ს წინააღმდეგ ჯერ ადგილობრივ მარეგულირებელში აპირებენ ჩივილს და მერე, თუ საჭირო გახდა, სასამართლოშიც. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს დაპირისპირება და რა მოყვება „ბი-ბი-სი"-ს წინააღმდეგ ჩივილს?
ირაკლი კობახიძე სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ელჩმა თქვა, რომ „ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე".
კობახიძის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო უნდა მოიხადოს ბოდიში.
„დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, იმიტომ, რომ „ბი-ბი-სი" არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს და ვხედავდით, რომ სკანდალი შექმნეს, აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც აბსოლუტურად სიყალბეზე იყო დაფუძნებული.
„გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღიად და საჯაროდ - ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ჩვენგან ინფორმაცია ამ გამოძიების თაობაზე. მთლიანობაში, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი, ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სუს-ის ბრიფინგზე. ეს ეხება უკლებლივ ყველა შემთხვევას, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა გამოყენებული ტრიქლორეთილენი, კანცეროგენი, რომელიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ასეთი რამის გამოყენების შემთხვევაში კლინიკებში მიმართვიანობა ძალიან მაღალი იქნებოდა.
„5-მა მიმართა მსუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერნენ მეორე დღეს. თუთიყუშს დასცვივდა ბუმბულებიო, აქამდე დახვედით. ვაპირებთ მივმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელს, შემდეგ სასამართლოებს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენეთ იმისთვის, რომ „ბი-ბი-სი"-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს. სუს-მა ყველაფერი თქვა, შესაბამისად, საპნის ბუშტივით გაგისკდათ სიყალბე", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით კი, ბრიტანეთის ელჩი ტყუილს და დეზინფორმაციას ავრცელებს.
„წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით იყოს დაკავებული? ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც ბრიტანეთის ელჩი აღმოჩნდა, რომელიც ავრცელებს ტყუილს და დეზინფორმაციას.
„სადაც თავად ელჩია ანტიქართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართული, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოოდ არის მიმართული, აქ გაკვირვებას არ იწვევს, რომ „ბი-ბი-სი" დეზინფორმაციას ავრცელებს. პირიქით, ეს უფრო აღვივებს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებისგან გვესმის თუ ვინ დგას „ბი-ბი-სი"-ს სიუჟეტის მიღმა - არის ეს ცალკეული ჟურნალისტის თვითშემოქმედება, თუ სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ბრიტანეთის ელჩის პირადი მონაწილეობა დეზინფორმაციის გავრცელებაში და ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ნარატივის გავრცელებაში, ჩვენს საზოგადოებას ასეთ ეჭვებს უღვივებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სადამდე მივა დაპირისპირება
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ მოსალოდნელია დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების არევა, მათ შორის ბრიტანეთთან.
„საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნება" ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე პირდაპირ შტურმზე მიდის. ჯერჯერობით ამერიკას ამას ვერ უბედავენ, მაგრამ ცოტა ხანში ალბათ იგივე მოხდება მთელი დასავლური სამყაროს მიმართ. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არაფრით იქნება განსხვავებული თუნდაც ირანის პოლიტიკისგან დასავლეთის მიმართ. ასე რომ, ამ მხრივ სიახლე არაფერია, მითუმეტეს, ბრიტანეთის მიმართ ხელისუფლება გაღიზიანებულია - „ბი-ბი-სი"-ს მასალისა და განცხადებების გამო. ვინც მათ მიმართ კრიტიკულ განცხადებას გააკეთებს, ყველას მიმართ არაადეკვატურები და არადიპლომატიურები იქნებიან.
- „ცხადია, ამას ჩვენი პარტნიორები ისე არ დატოვებენ. აგერ, პოლონეთმა სავიზო რეჟიმთან და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში გარკვეული რეგულაციები უკვე შემოიღო.
ალბათ ეს ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაიწყება, რაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს, რადგან ვისაც არ აქვს საბუთი და ფაქტობრივად, არალეგალურად არიან, მოუწევთ დეპორტირება. ეს ერთის მხრივ უმუშევრობას გააძლიერებს და მეორეს მხრივ, ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. როგორც ჩანს, „ოცნება" ამას ან ვერ აფასებს, ან სპეციალურად აკეთებს.
„არ მგონია ხელისუფლებამ გაბედოს და „ბიბისის" სასამართლოში უჩივლოს, რადგან, დიდი ალბათობით, მათ უფრო მეტი მასალა და დოკუმენტები აქვთ, ვიდრე ამ ფილმშია ნაჩვენები. შესაძლოა ვითარება იქით წავიდეს, რომ თუ „ოცნება" „ბი-ბი-სი"-ს მაინც უჩივლებს, შეიძლება ამით თავად მან მიიღოს მძიმე გადაწყვეტილებები იგივე ევროპული სასამართლოების მხრიდან", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე არ გამორიცხავს, რომ ბრიტანეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვიოს.
- „ბრიტანეთში ახლა ისეთი მთავრობაა, რომ არ გამოვრიცხავ, გერმანიის მსგავსად, ელჩი მანაც გაიწვიოს. საქართველოს მთავრობა ისე იქცევა, როგორც ვალდებულია.
მე ბევრს ვმუშაობდი ევროპის, ამერიკის და ევროკავშირის ელჩებთან ერთად და რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება, სრულიად გაუგონარია. ესე იგი, საქართველოში ყველაფერი მოსულა, რასაც უნდა იმას გააკეთებენ და სულ უგულვებელყოფენ პროტოკოლს.
„მთავრობებმა უნდა იცოდნენ, რომ საელჩოებიდან დეზინფორმაციები მიდის; და მეორე - ელჩებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათ ასეთი უხეში დარღვევები არ შერჩებათ. ეს არ არის დაბალი ღობე, სადაც შეუძლიათ ტყუილები ილაპარაკონ, როცა ანტიეროვნულ ძალებთან ერთად მიტინგებზე დადგებიან. ასე რომ, ამ მიმართულებით მთავრობას მხარს ვუჭერ, ბოლოს და ბოლოს ეს იმუშავებს.
„არცერთი მტკიცებულება „ბი-ბი-სი"-ს არ გააჩნია. უდანაშაულოს პრეზუმცია ევროპის სასამართლოებში ჯერაც მუშაობს და ამიტომაც არის, რომ საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგის სასამრთლოში ყველაფერს იგებს. „ბი-ბი-სი"-მ ფაქტებით უნდა დაამტკიცოს ის, რაზეც ლაპარაკობდა. ამას ვერ იზამენ და ატყდება დიდი სკანდალი", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".