რეზონანსი
09.12.2025

გალის რაიონში უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ ახალი წლიდან, სატრაზიტო ჰაბი ამუშავდება. რუსული მედიის ცნობით, ეს რუსულ-აფხაზური პროექტია და სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა. შესაბამის ტერმინალებში ახლა მიდის ტვირთების აღრიცხვისა და შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობების მონტაჟი. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია რა ტვირთების ტრანზიტისთვის მიდის მზადება იმ პირობებში, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლებას „ოფიციალურად" არანაირი სავაჭრო ურთიერთობა არ აქვს დანარჩენ საქართველოსთან.

სოხუმში არც მალავენ, რომ ეს ყველაფერი უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. ადგილობრივი მედია კი ვარაუდობს, რომ პირველ რიგში ეს შეეხება თურქეთიდან და ირანიდან საქართველოს გავლით რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირებაზე.

გალის რაიონში სატრანზიტო ცენტრი გახსნის შესახებ რუსულ „სპუტნიკთან" . სატრანზიტო და ლოჯისტიკის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ასტამურ ახსალბამ ისაუბრა.

„იქ ახალი აღჭურვილობა დამონტაჟდება - სკანერები, რენტგენის აპარატები, შემოწმების ორმოები. ტრანზიტი ხომ საქონლის სრულ გადაადგილებას გულისხმობს და უსაფრთხოების მიზნით, ისინი საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს", - განაცხადა ახსალბამ.

მისივე თქმით, ასეთი ჰაბის მშენებლობის იდეა დიდი ხანია არსებობდა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა:

„სპეციალური სამხედრო ოპერაცის" დაწყების შემდეგ ამან დიდი მნიშვნელობა შეიძინა აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთისთვის. თუმცა, რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, პროექტი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა".

ახსალბა ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არ კეთდება „საქართველოსა და აფხაზეთს შორის" ვაჭრობის კონტექსტში - ჰაბი არ მოემსახურება, ქართულ ტვირთებს, ქართულ სატრანსპორტო საშალებებსა და ქართველ მძღოლებს.

რა გეგმა აქვს რუსეთს ტერმინალზე

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთი გალის ტერმინალის მეშვეობით სანქცირებულ და უკანონო ტვირთებს რუსეთში გაიტანს.

„როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, იქიდან მოყოლებული დაიწყო ამ ტერმინალის მშენებლობა და ამავდროულად სოხუმის აეროპორტის აღდგენაც. აფხაზებს დიდიხანია სოხუმში აეროპორტის განახლება უნდოდათ, მაგრამ რუსები წინააღმდეგი იყვნენ, რადგან ეკონომიკურად მომგებიანი არ იყო. თუმცა, როგორც კი ომი დაიწყო, უპრობლემოდ აღადგინეს. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი კავშირშია.

„ამასთან, ოჩამჩირის პორტის რეკონსტრუქციაც დაიწყეს და ყველას ეგონა, რომ ის სამხედრო დანიშნულების იქნებოდა. თუმცა მერე გამოჩნდა, რომ ამ ფუნქციას ვერ შეასრულებდა. ახლა ჩანს, რომ უფრო სავაჭრო დანიშნულების იქნება, ვიდრე სამხედრო.

„ეს ყველაფერი ახალ კონცეფციას ქმნის და ეს არის ის, რომ აფხაზეთი საერთაშორისოდ აღიარებულია საქართველოს ტერიტორიად, იქ შესული ტვირთები შედის, როგორც საქართველოში. ის არის შავი ხვრელი. ვინაიდან ის საერთაშირისო და საქართველოს კანონმდებლობით ოკუპირებულად არის აღიარებული, უკონტროლო სიტუაციაა. გარკვეულწილად ძალიან კარგი მომენტია რუსეთისთვის, რადგან იქ წასული ტვირთი თუქეთიდან, სომხეთიდან და გინდ ირანიდან ქრება, რადგან საქართველოს ტერიტორიაზეა და გასვლა არ სჭირდება, შემოწმებული ტვირთია. საუბარია სანქცირებულ ტვირთზე - თურქეთიდან, ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან წამოსულზე, რომელიც უკანონოა. საქართველო ატარებს, როგორც კანონიერად, რასაც შემდეგ გალის რაიონში აფასოებენ რუსულ პროდუქტებად და შემდეგ რუსეთში გადის. ანუ საქართველოში (გალში) შედის და იქ ქრება, გამოდის როგორც რუსული პროდუქტი. ასე რომ, რუსეთმა ძალიან კარგი „შავი ხვრელი" იპოვა. რატომ ააშენეს გალის რაიონში და არა გაგრაში? იმიტომ, რომ საქართველოს ეხება.

„აფხაზებისთვის ძალიან კარგია, რატომაც არა?! ფული მათაც დარჩებათ. ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი შევა და ფულს გაიყოფს საქართველოს ხელისუფლება და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა. ყველას ამოცანაა, დავაკვირდეთ რამდენი მანქანა იმოძრავებს ენგურის ხიდზე. თუ გაიზარდა მოძრაობა, ესე იგი ჩემი კონცეფცია მუშაობს", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

აღდგება თუ არა აფხაზეთის რკინიგზა

პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ამუშავება ნაკლებად სავარაუდოა.

„შესაძლოა აფხაზეთის რკინიგზის მშენებლობაზე საუბარი დაიწყოს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი სხვა საკითხია. კი, ბატონო, გზა არსებობს, ამის პრობლემა არ არის, მაგრამ არ მგონია იმ რაოდენობის ტვირთი წამოვიდეს, რომ ამის საჭიროება გაჩნდეს.

„მას შემდეგ, რაც „ტრამპის გზა" გაკეთდება სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ, აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ, ტვირთვების ნაწილი ისედაც დაიკარგება. სომხეთის ტვირთები რუსეთში ბაქოს გავლით წავა და ლარსის გზაზე ავტომანქანების რაოდენობა შემცირდება. ხოლო ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთები ნახჭევანით თურქეთში გავა და თურქეთს აღარ დასჭირდება ფოთისა და ბათუმის პორტების გამოყენება. ანაკლიის პორტის გაკეთებაზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება. ამ ფონზე რუსეთისკენ რკინიგზა თავის ფუნქციას კარგავს. „ტრამპის გზის" შემდეგ ეს თემა იხურება. ლარსზე ლეგიტიმური ტვირთები ივლის, აფხაზეთზე კი პირიქით.

„რკინიგზის გაკეთებაზე რომც წავიდეს ლაპარაკი, ძალიან რთულია განხორციელება. ყოველ შემთხვევაში, შეუმჩნეველი ვერ იქნება. რკინიგზის მთავარი კომპონენტი ენგურის ხიდია, რომელიც ამორტიზირებულია. ის უნდა აიღონ და ახალი დადგან, რასაც დრო სჭირდება და შეუმჩნევლად ვერ მოხდება. ვიდრე ენგურზე კაკუნის ხმას არ გავიგებთ, ამაზე ლაპარაკი არასერიოზულია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×