
მმართველ გუნდში ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის გზავნილებს დეზინფორმაციულს უწოდებენ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს ამყარებს.
„სამწუხაროა, რომ ბრიტანეთის ელჩი ისევე აკნინებს დიპლომატიურ სტანდარტს, როგორც BBC-მ დააკნინა მედიასტანდარტი. როდესაც ვამბობთ, რომ სინამდვილეში ამ დეზინფორმაციისა და ცილისწამების უკან კოორდინირებული ქმედებები დგას, აი ასეთი დეზინფორმაციული და ცრუ განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ამ ეჭვს პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებაში. უპრიანი იქნებოდა, რომ ბატონ ელჩს ელაპარაკა ზუსტად იმ საკითხებზე, თუ როგორ მოხდა, რომ BBC გახდა დეზინფორმაციული ტირაჟირების წყარო და როგორ მოხდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ასე აკრიტიკებს ბრიტანეთს და პირდაპირ ამბობს, რომ სამწუხაროდ, ბრიტანული ბიუროკრატია არის არა ბრიტანელი ხალხის, არამედ დიფ სთეითის სამსახურში“, - აცხადებს იონათამიშვილი.
ბრიტანეთის საელჩო ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის და ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნათქვამია, რომ გარეტ უორდმა სხვა თემებთან ერთად, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განიხილა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩმა თქვა, რომ პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.