რეზონანსი
09.12.2025

“მიმდინარე საერთაშორისო პროცესებმა ცალსახად დაგვანახა, საქართველოს სწორი საგარეო კურსის უალტერნატივობა. ტრამპმა თავისი ახალი სტრატეგიით (დოქტრინა) ბრიუსელი ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დააყენა, ევრო-ბიუროკრატია ან საკუთარი ხალხების ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ გაჯანსაღებას დაიწყებს, ან არა და ჩაიძირება შეუქცევად პრობლემებში,სადაც კალასების, ფონდერლაიენების, მაკრონებისა და ურეიტინგო პერსონების პოლიტიკური განსასვენებელი გახდება”- ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ქადაგიძე მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე საუბრობს და განმარტავს, თუ რა განსხვავებაა, “ბრიუსელს აყოლილ უბედურ უკრაინასა და სუვერენულ საქართველოს შორის!”

მისივე თქმით, საქართველო ყველა  მიმართულებისთვის მზადაა, როგორც ევროპა-აზიის უსაფრთხო გზაჯვარედინი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარანტი, სტრატეგიული შუა დერეფნისა და მშვიდობის პოლიტიკის გამტარი. 

“წლებია ხმამაღლა ვსაუბრობთ,  რომ არ შეიძლება უაპელაციოდ ვენდოთ ბრიუსელს, ავყვეთ ნეო-ლიბერალურ სიგიჟეებში,  სანქციებით დავაზარალოთ ეკონომიკა, გავხდეთ მხარე რუსეთ-უკრაინის ომში, ქვეყნის საგარეო კურსი დავუქვემდებაროთ გლობალურ კონიუნქტურას და საქართველოს საშინაო პოლიტიკა სოროსის სინდიკატის ექსკლუზივად ვაქციოთ. სად მიგვიყვანდა ეს გზა, ხვდებით? -მინიმუმ უკრაინის უბედურ მდგომარეობასთან, სადაც ახლა სახელმწიფოები ბჭობენ, ვის უფრო მეტი წილი შეხვდება დანგრეული ქვეყნისგან. პირობითად - უკრაინას ნახშირად აიღებენ თუ ხე-ტყედ?! 

ერთი კვირის წინ  აქ პრემიერ-მინისტრი განათლების რეფორმაზე გვესაუბრებოდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სწავლა უფასო ხდება, პროფესორის ხელფასი ათი ათას ლარს გადააჭარბებს, უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციები შემოდის და დღეს ვიწყებთ განხილვას, 36  მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტი, სწორად როგორ გადანაწილდეს!

აი, რა განსხვავებაა, ბრიუსელს აყოლილ უბედურ უკრაინასა და სუვერენულ საქართველოს შორის! შტატების ახალი სტრატეგიითა და ცალკე, გეოპოლიტიკური გადალაგებით, მკაფიოდ გამოიკვეთა საერთაშორისო თანამშრომლობების გადაკვეთის წერტილები: საქართველო ყველა  მიმართულებისთვის მზადაა, როგორც ევროპა-აზიის უსაფრთხო გზაჯვარედინი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარანტი, სტრატეგიული შუა დერეფნისა და მშვიდობის პოლიტიკის გამტარი. დიახ, საქართველოს მშვიდობის კურსმა, რაციონალურმა პოლიტიკამ,  არამხოლოდ ჩვენი ფიზიკური გადარჩენა შეძლო,  არამედ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ღირებულებაც გაზარდა” - აღნიშნა ქადაგიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×