
კომუნალური გადასახადების გაძვირება გადაწყვეტილია. არჩევნები დასრულდა და ტარიფების გაზრდის საკითხი გააქტიურდა. რას ეფუძნება მოსალოდნელი ცვლილება, ენერგეტიკოსები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, მაგრამ თამამად ამბობენ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ელექტროენერგიის გადასახადის 3 თეთრით შემცირებით შეცდომა დაუშვეს და ახლა დენის ტარიფი, სავარაუდოდ, იმავე მაჩვენებლით მოიმატებს. ასევე გაიზრდება გაზის გადასახადიც, რაც რამდენიმე დღის წინ სემეკშიც დაადასტურეს.
გადასახადების მატება დომინოს პრინციპით ყველა დარგზე იმოქმედებს, პირველ რიგში კი, სამომხმარებლო ფასების ზრდას გამოიწვევს. გადაწყვეტილების მომხრე ენერგეტიკოსების ნაწილიც ადასტურებს, რომ ტარიფები მოსახლეობას ტვირთად დააწვება, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ზომები წინასწარვე მიიღოს და როგორმე შეამსუბუქოს ხალხის მდგომარეობა, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი არ დამძიმდეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიაში ბუნებრივი აირის ტარიფების გეგმური გადახედვის პროცესი მიმდინარეობს. მის კორექტირებამდე სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიების 5-წლიანი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფი დამტკიცდება. მატება იქნება, მაგრამ არა მნიშვნელოვანი.
,,ბუნებრივი გაზის ტარიფები, როგორც წესი, ორ რამეზეა დამოკიდებული. ერთი - ეს არის აზერბაიჯანიდან მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ფასი. ჩვენ რა არსებული ხელშეკრულებები გვაქვს, მას მომდევნო წლის ბოლომდე აქვს ვადა და შესაბამისად, ფასები ამ ნაწილში უცვლელია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიების მხრიდან, ეს ინვესტიციები ხდება ტარიფის შემადგენელი ნაწილი და ზუსტად ახლა მიმდინარეობს სემეკში სატარიფო წარმოება, რომლის ფარგლებშიც კორექტირებული ტარიფი დამტკიცდება მიმდინარე წლის ბოლომდე. არსებით მატებას არ ველოდებით, კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან სწორედ ახლა ვართ ამ ახალი ტარიფის კალკულაციის პროცესში.
აქედან გამომდინარე, პროცესების დასრულების შემდეგ, შესაბამის მონაცემებს ჩავსვამთ ბუნებრივი აირის ტარიფის გაანგარიშების ფორმულაში და მივიღებთ ტარიფებს. ყველა არეალში არ ხდება ტარიფის გადახედვა და კორექტირება ყველგან არ მოუწევს, მაგრამ იქ სადაც უწევს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იქნება მცირედი ცვლილება, არსებით ზრდას არ ველოდებით", - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ,,ბიზნეს მედიასთან".
როგორც ზემო აღვნიშნეთ, გაზთან ერთად გაიზრდება დენის ტარიფიც. ელექტროენერგიის გადასახადის მოსალოდნელ გაძვირებას ,,რეზონანსთან" გამოეხმაურება ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა, რომლის ინფორმაციითაც, სავარაუდოდ, ტარიფეის მატება ინფლაციაზე იქონიებს გავლენას, ამიტომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ პირველ რიგში, მოსახლეობის მოწყვლად ფენას დაეხმაროს.
,,ვფიქრობ, დენის გაძვირება სწორი გადაწყვეტილებაა, რა მონაცემებიც მე მაქვს, ტარიფი უნდა გადაიხედოს. გაზთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ობიექტური წინაპირობაა, რომ მოხდება ბუნებრივი აირის გადასახადის გაზრდაც. ეს მოსალოდნელი იყო.
განსაკუთრებით ელექტროენერგიის სექორში ველოდი ცვლილებას და ეს ეტაპიც დადგა. 2 წლის წინ, როცა შემცირდა გადასახადი, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება და არაერთხელ მითქვამს კიდეც. აქედან გამომდინარე, ფაქტის წინაშე დავდექით. რამდენით მოიმატებს ვერ დავაზუსტებ, მაგრამ აუცილებლად დაკორექტირდება, რასაც აქვს თავისი არგუმენტები. უამრავი სამუსაო შესრულდა ენერგეტიკულ სისტემაში, მრავალი ახალი სადგურიც ჩადგა მწყობრში და დანახარჯები გაიზარდა. ეს ყველაფერი ტარიფშიც აისახება.
რა თქმა უნდა გადასახადების მატება სამომხმარებლო ფასებზეც აისახება. მოწყვლადი ფენისთვის უნდა გამოინახოს საშუალება და დახმარება მიიღოს ხალხმა, განსაკუთრებით ზამთარში, რომ ცივი სეზონის გადატანა არ გაუჭირდეთ", - განუცხადა მირცხულავამ ,,ბიზნეს-რეზონანსს".
ანალოგიური მოსაზრებისაა ენერგეტიკოსი გია არაბიძე, რომლის მოსაზრებითაც არსებული ტარიფი ხელს არ უწყობს ინვესტიციების შემოსვლას და სექტორის განვითარებას, რის გამოც ცვლილება საჭიროა.
,,2 წლის წინ 3 თეთრით რომ შემცირდა, ეს ენერგეტიკისთვის დიდი შეცდომა იყო. არ იყო ეს სწორი გადაწყვეტილება და მთელი რიგი პრობლემა გამოიწვია, მათ შორის, ინვესტიციების შემცირება და სხვა. როდესაც მექნება ზუსტი ინფორმაცია, უფრო თამამად ვისაუბრებ. რომელი მიმრთულებითაა პრობლემა.
სამომხმარებლო ტარიფი მრავალი კომპოონენტისგან შედგება. დომინანტი და მნიშვნელოვანია შესასყიდი ენერგიის ფასი, მერე უკვე გატარება, განაწილება და სხვა. რომელმა კომპონენტმა შეიძლება გამოიწვიოს ტარიფის ზრდა, ვერ გეტყვით.
მომხმარებლ;ებისთვის ელექტროენერგისა და გაზის გადასახადის გაძვირება მტკივნეული იქნება. როგორც ენერგეტიკოსი ვამბობ, რომ ჩვენი ტარიფები ძალიან დაბალია, რომელიც არ უწყობს ხელს ინვესტიციების შემოსვლას და დარგის განვითარებას, თუმცა მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთია. რთული იქნება ხალხისთვის, მაგრამ ეს უკვე მთავრობის საფიქრალია და შესაბამისი ზომებიც უნდა მიიღონ", - აღნიშნა არაბიძემ.
მისი თქმით, დომინოს პრინციპივითაა, დენის გადასახადს შეიძლება მიყვეს გაზიც, მაგრამ გადასახადის მატების კონკრეტული მიზეზის შესახებ ენერგეტიკოსს ინფორმაცია არ აქვს.
,,გაზის ტარიფის გაძვირების აუცილებლობას ვერ დავასაბუთებ. ერთადერთი ვარიანტია, თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ დამატებითი 5 000 000 კუბ/მ გაზის შემოტანა იმ ფასად, რა ფასადაც შემოგვქონდა. ხელშეკრულების უნდა გაგრძელდეს, ხოლო რა ფასი ჩაიწერება, მოლაპარაკების თემაა,მერე უკვე სამომხმარებლო გაზის ტარიფის დადგენაზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა ენერგეტიკოსმა.
რაც შეეხება წყლის გადასახადს, სემეკის თავმჯდომარე ,,რეზონანსთან" დაახლოებით 1 თვის წინ საუბრობდა, რომ შეისწავლიან კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, საბუღალტრო დოკუმენტაციას და სხვა საკითხებს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. მანამდე აუცილებელი პირობაა კომპანიებმა სემეკს შესაბამისი განცხადებით მიმართონ, რასაც ორგანიზაციის მოკვლევა დაეყრდნობა.