ნატალია ჯვარიძე
08.12.2025

„ქართული ოცნება" შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს. ამ მიმართულებით ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" კიდევ ერთხელ ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარედგინა, რომლის მიხედვით, დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს.

აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით, გამკაცრებული კანონი აქციებს შეამცირებს და შემდეგ სულ გააქრობს.

„ყოველგვარი კანონის გამკაცრებას არსებული რეალობა იწვევს. როგორც პროცესებმა გვიჩვენა იმ მაქსიმუმ 300 კაცთან კანონის გამკაცრება საჭიროა. 300-500 კაცს საქართველოს არავინ აარევინებს.

როგორც ირკვევა ამ ადამიანების მიმართ მკაცრი მოქმედებაა საჭირო, რადგან ესენი, რომლებიც უცხოეთიდან და გარკვეული შიდა ძალებიდანაც ფინანსდებიან, ცდილობენ ქვეყნის არევას. ეს შემდგომში გამოიწვევს მათ არასწორი ქმედებების შემცირებას და შემდგომში გაქრობას, რასაც ჩვენი აბსოლუტური უმრავლესება ითხოვს", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ეს პროტესტს ვერ შეაჩერებს.

„პროტესტი მაინც გაგრძელდება. უბრალოდ აქ ნაჩვენებია, რომ ხელისუფლებას თვითონ პროტესტის მიმდინარეობა აღელვებს. თუ აცხადებენ, რომ იქ 50-100 აკაცუკი იკრიბება, მაშინ რატომ ამკაცრებენ? ვინაიდან რეალურად ასე არ ფიქრობენ, დაიწყეს ასეთი რაღაცები. მითუმეტეს, დაანონსდა, რომ კვირაში ერთხელ აქციები ჩატარდება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×