გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ისრაელში ვიზიტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა
ქეთო გოგოხია
08.12.2025

საქართველო-ისრაელს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ისრაელში ვიზიტისას სწორედ ქვეყნებს შორის პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გამახვილდა ყურადღება. წლებია საქართველო და ისრაელი აგრარულ სფეროში საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ. ექსპორტის გაზრდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება,  ინვესტიციები, კლიმატის ცვლილება, გლობალური გამოწვევების დაძლევა - ეს ორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა შეხვედრის მთავარი საკითხები იყო. 

„ისრაელში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი პარტნიორობა, თანამშრომლობის გაღრმავებისადმი საერთო სურვილი და შესაძლებლობები, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ისრაელში გამართული ვიზიტისა შეფასებისას, - რა თქმა უნდა, პრიორიტეტად რჩება სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები; ამავე დროს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა წყლის მართვის, კლიმატის ცვლილების ფონზე კლიმატგამძლე კულტურების გამოცდის, ასევე პროდუქტიულობის გაზრდის მიმართულებებით.

ისრაელის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსოფლიო რთული გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისი ქმედებებია საჭირო. ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ქნესეთის ახლადარჩეულ სპიკერთან. "ორ ქვეყანაას შორის სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საპარლამენტო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით ეკონომიკურ და სექტორულ რეფორმებში", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. 

მან მადლობა გადაუხადა ქნესეთის საქართველო-ისრაელის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ბიტანს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაძლიერებაში. 

 ვიზიტის ფარგლებში,  ქართული დელეგაცია ისრაელის  ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.

"მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ბიზნესგარემო ორმხრივი თანამშრომლობის კარგ შესაძლებლობას ქმნის. საქართველო ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმით მრავალ ქვეყანასთან სარგებლობს. ჩვენ განვაგრძობთ საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ვიზიდავთ ახალ ინვესტორებსა და პარტნიორებს საქართველოში არსებული მზარდი შესაძლებლობების გამოსაყენებლად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა  თელ-ავივში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ისრაელის ბაზარზე კონკურენტული გახდეს ისეთი პროდუქციით, როგორიცაა ღვინო, თაფლი და მშრალი ხილი, ხოლო ისრაელიდან საქართველოში გაიზარდოს თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სარწყავი სისტემების იმპორტი. ასევე აღინიშნა, რომ სავაჭრო დინამიკის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაფართოებას.

ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ბიზნესსექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. 

მინისტრმა საქართველოს აგროსასურსათო პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერამ კერძო სექტორის ზრდა განაპირობა, რაც, თავის მხრივ, აგროსასურსათო წარმოებისა და ექსპორტის სტაბილურ ზრდაში აისახა.

 სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი  ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა, რომელიც  სექტემბერში საქართველოს სტუმრობდა. გამართული შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ ქვეყანას შორის ძლიერი პარტნიორობა. 

,,ეს საპასუხო ვიზიტი გამოხატავს ჩვენ ორმხრივ ვალდებულებას, რომ საქართველო-ისრაელის პარტნიორობა ახალ სტრატეგიულ დონეზე ავიდეს. საქართველო აფასებს ამ მეგობრობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ჩვენს ფერმერებს, მკვლევარებს, ბიზნესებსა და მოქალაქეებს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ავი დიხტერთან ერთად, მინისტრმა ვოლკანის ცენტრი მოინახულა. იგი ისრაელის ეროვნული სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტია. ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბენი ჩეფეზმა მინისტრებს მუშაობის ძირითადი პრინციპები და მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

დავით სონღულაშვილის შეფასებით,  მნიშვნელოვანია ვოლკანის ცენტრის მუშაობის გამოცდილების გაზიარება როგორც კლიმატის ცვლილებისთვის შესაფერისი ჯიშების განვითარებისთვის, ასევე, მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგებისა და საკვების ნარჩენების მართვის მიმართულებით. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ისრაელში გარემოს დაცვის მინისტრ იდიტ სილმანთან შედგა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილებების ფონზე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც  გავლენას ახდენს ყველა ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებზე. 

 აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, დავით სონღულაშვილი  იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე III-ს შეხვდა და აღსაყდრების 20 წლისთავი მიულოცა. შეხვედრაზე საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ქართული დელეგაციის წევრებმა ის უნიკალური ისტორიული ადგილები დაათვალიერეს, რომლებიც მსოფლიო კულტურისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენს; მოინახულეს გოდების კედელი და მისი მიწისქვეშა გვირაბები, სადაც ბოლო პერიოდში რიგი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები დაფიქსირდა და ამჟამად ინტენსიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ისრაელში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით. შემუშავდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×