
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ კვირას ვოლკელის საჰაერო ბაზაზე უცხო დრონის იდენტიფიცირების მიზნით F-35-ის ტიპის გამანადგურებლები განალაგა, ევროპაში ამოუცნობი დრონების გამოჩენის შემთხვევები ბოლო თვეების განამავლობაში გახშირდა, აღსანიშნავია, ამის ფონზე, ევროპელები კონტინენტის დაცვასა და შეიარაღების გაზრდაზე ფიქრობენ, როგორ უნდა დაიცვას თავი ევროპამ და გაამართლებს თუ არა"დრონები სკედლის" შექმნა?
მას შემდეგ, რაც ამოუცნობი თვითმფრინავი სათანადო იდენტიფიკაციის გარეშე ნიდერლანდების საჰაერო სივრცეში შევიდა, კვირას დილით, ვოლკელის საჰაერო ბაზიდან ორი ნიდერლანდური F-35 გამანადგურებელი აფრინდა, ინფორმაცია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
მოგვიანებით, თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც დრონი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენდა და მოგვიანებით საჰაერო სივრცე დატოვა. აღსანიშნავია, რომ დრონზე ბევრი დეტალი გაურკვეველია და მისი წარმოშობაც უცნობია.
F-35-ები სწრაფი რეაგირების განგაშის ფარგლებში განლაგდა, ეს გამანადგურებლები მაშინ გამოიყენება, როცა უცნობი ობიექტი ნიდერლანდების საჰაერო სივრცეში იდენტიფიკაციის გარეშე შედის. ეს თვითმფრინავები 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან.
აღსანიშნავია,რომ ნოემბრის თვიდან, ნიდერლანდები ბელგიასთან ერთად ბენილუქსის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცვლეობით მონიტორინგს ახორციელებენ.
თავდაცვის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მსგავსი განგაში იყო. კვირას საზოგადოება ინციდენტის შესახებ სრულად ინფორმირებული იყო, თუმცა, მომხდარი თავდაპირველად არ გახმაურებულა, „ჩვენ არ ვიცით, რა იყო ეს. ეს შეიძლება იყოს დრონი, ან უცნობი სამგზავრო თვითმფრინავი"- განუცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას.
„გაურკვეველია, ვინ იდგა დრონების უკან", - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
ეს ინციდენტები განსაკუთრებით საინტერესოა იმის ფონზე, როცა ევროპა შეიარაღებას აძლიერებს. კონტინენტის თავდაცვის გაძლიერების შესახებ დებატები სექტემბრის შუა რიცხვებიდან გააქტიურდა, როდესაც დაახლოებით 20 რუსული დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
შემდეგ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, გერმანიის, დანიის, ბელგიისა და ნორვეგიის აეროპორტებსა და სამხედრო ობიექტებზე ამოუცნობი დრონები არაერთხელ გამოჩნდა. საპასუხოდ, ოქტომბერში ბრიუსელმა ევროპის საჰაერო სივრცის დასაცავად „დრონების კედლის" შექმნის გეგმები დაანონსა, რომლის დასრულებაც 2027 წლისთვის იგეგმება.
როგორ უნდა დიცვას თავი ევროპამ
გერმანელი სამხედრო ექსპერტი ფრანკ საუერი, რომელიც მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტის მეტისის სტრატეგიის ინსტიტუტის კვლევის ხელმძღვანელია გამოცემა „მედუზასთან" საუბრობს იმაზე, , თუ რატომ არის „დრონების კედელი" შეცდომაში შემყვანი ტერმინი.
„სინამდვილეში, ტერმინი „დრონების კედელი" „დრონების წინააღმდეგ კედლის" მნიშვნელობით აზრს მოკლებულია და შეცდომაში შევყავართ. პირველ რიგში, „დრონი" არაზუსტი ტერმინია. ის მოიცავს ყველაფერს, პატარა კვადროკოპტერებიდან, რომლებიც ორ მეტრზე მაღლა დაფრინავენ, დიდ ფიქსირებულფრთიან უპილოტო საფრენ აპარატებამდე - როგორიცაა რუსული გერბერას დრონები, რომლებიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. ყველა ამ ტიპის დრონს განსხვავებული თავდაცვის მეთოდები სჭირდება.
მეორეც, ფრაზა „უპილოტო დრონების წინააღმდეგ კედელი" ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროკავშირი რობოტულ კონსტრუქციას აშენებს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნებს სჭირდებათ მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. თუმცა, დამცავი ბარიერის იდეა, რომლის უკანაც უსაფრთხოდ ყოფნაა შესაძლებელი, მცდარია. გამარჯვება მხოლოდ დაცვით ვერ მიიღწევა."- განაცხადა ექსპერტმა.
ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა დროენების ჩამოგდების ტაქტიკაზეც.
„ევროპის მთავარი ამოცანა ახლა საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებაა ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ისინი რეალურად სჭირდებათ და ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. მაგალითად, რუსეთის მიერ მათი საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, ნატოს ქვეყნებმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დამატებითი გამანადგურებლები განალაგეს ჰოლანდიური და იტალიური F-35-ები პოლონეთში დრონების და ესტონეთის თავზე რუსული MiG-ების ჩაგდებაში მონაწილეობდნენ.
„უკრაინამ რუსული დრონები იმპროვიზირებული საშუალებებით ჩამოაგდო - მაგალითად, პიკაპებზე დამონტაჟებული მცირეკალიბრიანი იარაღით. თუმცა, ეს ტაქტიკა ახლა ძლივს მუშაობს, რადგან რუსეთმა ადაპტირება გაუკეთა თავის „გერან-2" და „გერბერა" დრონებს და ისინი ახლა უფრო მაღალ სიმაღლეზე დაფრინავენ.
უფრო ძლიერ სახმელეთო სისტემებს კვლავ შეუძლიათ ამ დრონების ჩამოგდება ძვირადღირებული რაკეტების გამოყენების გარეშე. თუმცა, მათი მოქმედების რადიუსი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრია, ამიტომ მათით მთელი ევროკავშირის დაფარვა უბრალოდ შეუძლებელია. როგორც უკვე ვთქვი: 100 პროცენტიანი დაცვა არ არსებობს; არც ერთი კედელი არ არის შეუღწევადი."-თქვა საუერმა.
კითხვაზე, როგორ უნდა დაიცვას თავი ევროპამ, ექსპერტი ამბობს:
„საუკეთესო დაცვა საფრთხის წყაროს ნეიტრალიზებაა. უკრაინა ამას ნათლად აჩვენებს - შემთხვევითი არ არის, რომ ის რუსეთის სიღრმეში ზუსტ დარტყმებს ეყრდნობა. ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნებმა არ უნდა იფიქრონ მხოლოდ დრონების თავდასხმების მოგერიებაზე, არამედ სხვა კითხვებიც უნდა დასვან: საიდან უშვებენ რუსული ძალები დრონებს? სად არის ქარხნები, რომლებიც მათ აწარმოებენ?"