ნატალია ჯვარიძე
08.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი „სამშვიდობო გეგმას" დასთანხმდა, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ის არც კი წაუკითხავს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ზელენსკით „ცოტა იმედგაცრუებულია".

„უნდა ვთქვა, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს წინადადება. მის ხალხს მოსწონს. მაგრამ მას არა. რუსეთი თანახმაა. იცით, რუსეთს, ალბათ, როცა ამაზე ფიქრობ, მთელი ქვეყანა ურჩევნია. მაგრამ, მჯერა, რომ რუსეთი თანახმაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ზელენსკი თანახმაა. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს", - აღნიშნა ტრამპმა

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას აზრით, ტრამპი ზელენსკის ხისტი პოზიციით უკმაყოფილოა, რადგან მისი სურვილი, რომ კონფლიქტი სწრაფად დაესრულებინა, არ გამოდის.

„ზელენსკი რომ რუსულ გეგმას არ მიიღებდა, მგონი თავისთავად ცხადია. ტრამპს ეჩქარება, რომ ეს კონფლიქტი როგორმე დაასრულოს. ამის სამი მიზეზი აქვს: პირველი ვარიანტი არის ის, რომ როგორც ჩანს, ტრამპს სურს, კიდევ ერთი მსხვილი კონფლიქტი დაასრულოს და ნობელის პრემია აიღოს, თუნდაც გაისად.

მეორე, ის მაინც ბიზნესმენია და თავის ეროვნულ უსაფრთხოებაში მერკანტილიზმი აქვს დაფიქსირებული. მერკანტილიზმი ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მას რუსეთის ფედერაცია სარესურსო მარაგების არეალად სჭირდება და შესაბამისად, მოსკოვი ჩინეთთან ურთიერთობის დაბალანსებისთვის უნდა.

ტრამპის მესამე მოტივი ის არის, რომ მას სურს, ვენესუელას, ნიკარაგუასა და კუბის პრობლემა მოაგვაროს. როგორც მოგეხსენებათ, მან ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირიქით, ამერიკის კონტინენტი გამოყო, ანუ მონროს დოქტრინა განავითარა.

ბუნებრივია, თუ მას სამხედრო დაპირისპირება ვენესუელის წინააღმდეგ მოუწევს, რაც მოსალოდნელია 20 დეკემბრისთვის, მაშინ ამერიკა ორ ფრონტზე გაიშლება. ერთი უკრაინის ფრონტი, მართალია, ისინი უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, მაგრამ რესურსები იქით ხომ მიდის? თუ ვენესუელასთან მოუწევთ სამხედრო დაპირისპირების დაწყება, რესურსები გაიფანტება, რაც ამერიკისთვის არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა იქნება. ასე რომ, ეს სამი მოტივია, რის გამოც ტრამპი ზელენკის ხისტი პოზიციის გამო იმედგაცრუებულია.

ამ გეგმაში რუსეთის ინტერესები უფრო ჩანს, ვიდრე უკრაინის, რადგან მისი მიხედვით, უკრაინამ ის პოზიციები უნდა დათმოს, რასაც დღეს გმირულად იცავს და რუსეთს ოთხივე რეგიონის ანექსიის უფლებას არ აძლევს, მათ შორის ეს არის ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, დონეცსკის და ხერსონის მიმართულებებზე.

გარდა ამისა, უკრაინა შავ ზღვაზე გასასვლელ მიმართულებასაც ინარჩუნებს და ფაქტობრივად, შავი ზღვის საკუთარ სანაპირო ზოლს ის აკონტროლებს. ესეც მნიშვნელოვანი გარემოებაა.

ასევე, რუსეთს უკვე პრობლემები შეექმნა თუნდაც სოციალური. ასე რომ, უკრაინას მგონი არც თუ ისე წამგებიანი პოზიციები გააჩნია. როცა ამხელა ვეშაპი ქვეყანა გიტევს და ამის მიუხედავად, წარმატებით იცავ ტერიტორებს, რასაკვირველია, ტრამპის გეგმაზე დათანხმებით, აგრესორ რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×