მარიამ ვეკუა
08.12.2025

ბი-ბი-სი-ს გამოძიება, რომელიც 2024 წლის 4-5 დეკემბრის აქციის გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხება ქართულ პოლიტიკაში ისევ განხილვის ეპიცენტრშია, შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს თქმით, სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის შესაბამისად იმოქმედა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცა, მაშინ როცა ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიების საჭიროებაზე საუბრობს.

"როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სრულყოფილი და დეტალური გამოძიება.... არ დადასტურდა, რომ თითქოს, გამოყენებული იყო ნივთიერებები, რომელიც იყო აკრძალული და შეიცავდა ნივთიერება "კამიტს", რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი. შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს. დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს," -განაცხადა შსს0ის მინისტრის მოადგილე ალექსანდე დარახველიძემ.

დარახველიძის განცხადებიდან ირკვევა ისიც, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა გდდ-ს ყოფილი თანამშრომლის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, მასზე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნაა გამოცხადებული.

„გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.

საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს", -აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, ბი-ბი-სი-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტები ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი" უწოდეს".

რამდენიმე დღეში სუს-მა განცხადება გააკეთა და გააჟღერა ნივთიერებების სახელი, რომელიც 2024 წლის 4-5 დეკემბერს გამოიყენეს. დასახელებულ ქიმიურ ნაერთებს შორის არ იყო „კამიტი", სუს-მა განაცხადა,რომ - ,,კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია".

კომისიის შექმნის მოთხოვნა ძალაში რჩება

გახარიას გუნდის მოთხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა გიგა ფარულავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ჩვენ აქტიურად ვითხოვთ და დავაინიცირეთ კიდეც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შესაძლო ყველაზე მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვითხოვთ უკვე „ოცნების" შემხვედრ ნაბიჯებს, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს. ...ვფიქრობ, მათთვისაც საინტერესო იქნება საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვაზე და აღშფოთებაზე მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს და საზოგადოებამ ღია ეთერის ფარგლებში შესაბამისი პასუხი მიიღოს",- განაცხადა ფარულავამ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ, 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს", გიგა ფარულავას შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაბნეულები არიან და ქაოსურ ნარატივებში ტივტივებენ".

ფარულავას განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ BBC-ის მასალის უკან შესაძლოა ორგანიზებული ჯგუფი იდგას, „ქართული ოცნების" პარტიული პროპაგანდის ნაწილია.

„სუს-ის განცხადება შეიძლება გავიგოთ, როგორც დაგეგმილი შურისძიება კონკრეტული პირების მიმართ, მათ შორის არ გამოვრიცხავთ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ვინაიდან სუს-ის განცხადება აძლიერებს „ოცნების" პროპაგანდისტულ ნარატივებს. - განაცხადა გიგა ფარულავამ.

კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ აქციების დაშლისას გამოყენებული ნივთიერება, ეს საერთაშორისო გამოძიებით უნდა დადგინდეს.

„ძალიან უნდა „ქართულ ოცნებას" ეს თემა დახურულად გამოაცხადოს, მაგრამ ივანიშვილმა და რეჟიმმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა და ეს როგორც კობახიძემ, ასევე შსს-ის ყოფილმა მინისტრმა, გომელაურმა და მისმა მოადგილემ, რომელიც ახლაც მოქმედია, აღიარეს, რომ წყალში რაღაც გაურიეს, რაც უკანონო იყო. ეს არის დადასტურებული ფაქტი."-განაცხადა თევზაცემ.

„კითხვები აღარ არსებობს"

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბი-ბი-სის გარშემო პასუხი ყველა კითხვას გაეცა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა თქმით, შესაბამისად, არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება აღარ არსებობს.

„BBC-ის მიერ გავრცელებული სრული აბსურდის თაობაზე აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ყველა კითხვის ნიშანი გაქრა იმ ტყუილში, იმ აბსურდში, იმ ძალმომრეობაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ BBC-ის მხრიდან ქართველ საზოგადოებაზე, ამიტომ აქ მეტი კითხვა არ არსებობს. ჩვენ იმიტომ ვახსენებდით სუს-ის გამოძიებას, რომ გამოძიების შემდეგ თუ დარჩებოდა რაიმე სახის კითხვის ნიშანი, იმაზე უნდა გაცემულიყო პასუხი. არანაირი კითხვის ნიშანი იმაზე, რომ ჩვენზე მოხდა ასეთი სისაძაგლის დაბრალება, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. საქართველოს არც არასდროს შეუძენია მსგავსი ნივთიერება და მას ვერასდროს გამოიყენებდა. ბუნებრივია, საფუძველს მოკლებულია რაიმე ფორმით კომისიის შექმნა და შექმნის მცდელობა, იმიტომ რომ ამ კუთხით განსახილველი ნამდვილად არაფერია," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხია გაცემული და მე ვერ ვხედავ ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი სპექტაკლების დადგმის საჭიროებას - თუ [გახარიას გუნდს] რაიმეს გამოკვლევა უნდა, დაიწყონ უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ლიდერით: ზოგიერთ ადამიანს რომ თვალი დასთხარეს, რა იყო გამოყენებული? - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა

ჯერჯერობით, უცნობია, შეიტანს თუ არა სარჩელს ბი-ბი-სი-ს წინააღმდეგ „ოცნება", ამაზე დეპუტატები გადაჭრით არ საუბრობენ.

„ოცნების" წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა რომ გამოძიებამ, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში შეისწავლა უამრავი მასალა და დადგინდა, რომ შსს-ს ასეთი ნივთიერება არც აქვს და არც გამოუყენებია.

„ეს იყო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანების კიდევ ერთი მცდელობა. ის, რაც ვიხილეთ, იყო კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული. სამწუხაროდ, ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები."- განაცხადა ბოჟაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×