რეზონანსი
08.12.2025

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი არასრულწლოვანი გოგონა თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 12-13 წლის გოგონებმა მეზობელ სოფელში მდებარე სკოლაში, ერთ-ერთ მოსწავლეს, თანატოლ გოგონას მანამდე არსებული კონფლიქტის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, რაზე უარის მიღების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, გოგონამ ფიზიკური დაპირისპიერბის დროს გონებაც დაკარგა, საბედნიეროდ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

”ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, როგორც ვიცი, გოგონას მშობლებმა იჩივლეს და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. თუმცა რადგან დეტალები არ ხმაურდება, მეც თავს შევიკავებ დავასახელო სოფელი, სადაც ეს ფაქტი მოხდა. გიდასტურებთ იმას, რომ არასრუწლოვანი გოგონა თანატოლმა გოგონებმა სცემეს. სერიოზულად არის ნაცემი ეს ბავშვი. ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. როგორც ვიცი, ამ დაპირისპირების დროს გოგონამ თავი მიარტყა რაღაცას და გონებაც დაკარგა. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია უნდა გადაეღოთ მისთვის და ვფიქრობ, გადაუღეს უკვე. ვიცი, ის რომ დაშავებული გოგონა ამ დაპირისპირების დროს მარტო იყო. პირადად ვიცნობ ამ ბავშვს, ძალიან კარგი გოგონაა, ჭკვიანი, საყვარელი, კომუნიკაბელური, კონტაქტური. 

არ ვიცნობ იმათ, ვინც მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ კონფლიქტში მონაწილე ყველა არასრულწლოვანი ერთი სოფლიდან არის და ერთი სკოლის მოსწავლეა. თანაკლასელები არიან თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ერთ სკოლაში სწავლობენ. ერთ სოფელში ცხოვრობენ. დაშავებული გოგონა სხვა, მეზობელ სოფელში წრეზე დადიოდა და როგორც ვიცი, იმ სოფელში მოხდა ეს ფაქტი. ეტყობა იქ დაუწყეს საქმის გარჩევა. მეტი დეტალის მოყოლა არ შემიძლია, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვნებს. რადგან არ ასაჯაროვებენ სკოლას და სოფელს, მეც თავს შევიკავებ ადგილის დასახელებისგან. უბრალოდ ამას ცალსახად ვიტყვი, არ შეიძლება ასე გაიმეტონ არასრუწლოვნებმა ერთმანეთი. რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ჯგუფურად სცემეს გოგონა და მან გონება დაკარგა. საბედნიეროდ დღეს კარგადაა.

 იცით კანონები როგორი ლოიალურია და სამწუხაროდ დაუსჯელობის სინდრომი აქვს ამ თაობას, მაგიტომ მივდივართ ამ მდგომარეობამდე. როგორც ვიცი, სიტყვიერი შეურაცხყოფიდან დაიწყო ეს ფაქტი. ერთ სოფელში ცხოვრობს ორივე მხარე. მე მეტ დეტალს ვერ გავამხელ, ზოგს არ ცოდნის გამო და ზოგს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. მთავარია, ბავშვი ამ ეტაპზე კარგადაა და გამოძიება მიმდინარეობს”, - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ადგილობრივი.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×