
როგორც ეროვნული სპეცსამსახურების ვეტერანს, მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ამ ისტორიაში და არა მხოლოდ ამ ისტორიაში კარგად ნაცნობი ერთი ძლიერი სპეცსამსახურის კვალი ჩანს, კერძოდ, ბრიტანეთის სპეცსამსახურის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" „ხალხის ძალის" წევრმა, ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა BBC-ის ფილმზე საუბრისას.
მისივე განცხადებით, ფილმით შეეცადნენ საქართველოსთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას და ქვეყნის დადანაშაულებას კონვენციების დარღვევაში.
„როგორც ეროვნული სპეცსამსახურების ვეტერანს მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ამ ისტორიაში და არა მხოლოდ ამ ისტორიაში კარგად ნაცნობი ერთი ძლიერი სპეცსამსახურის კვალი ჩანს, კერძოდ, ბრიტანეთის სპეცსამსახურის, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ანთროპოლოგიის დოქტორი, მზვერავი, ქალბატონი ბელიზ მეტრეველი, რომელიც საკუთარი სისტემის მუშაობას აწყობს ზუსტად იმაზე, რასაც ჩვენ საქართველოში ვადევნებთ თვალყურს, ეს არის შიშების გაყიდვა. BBC-ისგან ერთი მხრივ არაფერი არ უნდა გვიკვირდეს ამ კუთხით, მაგრამ აქ არის საქართველოს პოზიცია, მისი რეპუტაციული ზიანი საერთაშორისო არენაზე და ძალიან სერიოზული კონვენციების დარღვევაში დადანაშაულება. ეს არის იმ ტიპის ბრალდებები, რომელიც თავის დროზე ასევე ფეიქ ინფორმაციებზე დაყრდნობით წაუყენეს ლიბიას, სირიას, ვენესუელას, ერაყს, რასაც მოჰყვა ამ ქვეყნებში სამხედრო ინტერვენცია, ხელისუფლებების წინააღმდეგ დამსჯელი სანქციები და ერაყის შემთხვევაში ხელისუფლების ფიზიკური განადგურება. ერაყის შემთხვევა იყო ერთადერთი, როცა აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს მოუწია გაეროს მაღალი ტრიბუნიდან აღიარება იმის, რომ ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია. თუ ვინმეს თავში მოუვიდა მსგავსი სცენარის გადმოტანა საქართველოში, ძალიან ცუდად ფლობს ცოდნას დღევანდელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე მსოფლიოში, ამ ყველაფერს უკვე ჰქონდა ადგილი ადრე, მაგრამ დღეს საქართველოსთან მიმართებით ადგილი ვეღარ ექნება", - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.