რეზონანსი
07.12.2025

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვება მთელი დასავლეთისთვის დამარცხება იქნება.

„თუ რუსეთს ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოსვლის უფლებას მივცემთ, ყველანი წავაგებთ", - აღნიშნა პაველმა The Sunday Times-თან ინტერვიუში.

ჩეხეთის პრეზიდენტმა ისტორიული პარალელი გაავლო სუდეტის ოლქში გერმანულ უმცირესობაზე ნაცისტურ ნარატივსა და რუსების დაცვის შესახებ რუსულ ნარატივს შორის.

„ჩეხოსლოვაკიის შემთხვევაში, [სუდეტის ოლქში] გერმანული უმცირესობა საბაბად გამოიყენეს. იგივე ნარატივს იყენებს ვლადიმერ პუტინიც", - აღნიშნა პაველმა.

ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ დასავლეთი უკრაინას ისე არ ღალატობს, როგორც ოდესღაც ჩეხოსლოვაკიას.

„იმას, რასაც ახლა ვაკეთებთ, მე ამას უკრაინის ღალატს არ დავარქმევდი. ამას უხალისობას დავარქმევდი - უხალისობას, დავიცვათ ის პრინციპები, რომელთა შესახებაც ვაცხადებთ, რომ ვიცავთ", - აღნიშნა პაველმა.

ჩეხეთის ლიდერმა რუსული თვითმფრინავებისა და დრონების მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსს აქვს ძლიერი საფუძველი, რომ წინააღმდეგობა გაცილებით უფრო მეტად გაუწიოს, ვიდრე აქამდე აკეთებდა.

მჯერა, რომ თუ ეს დარღვევები გაგრძელდება, დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ უფრო მკაცრი ზომების გამოყენება მოგვიწევს, მათ შორის რუსული თვითმფრინავის ან დრონების პოტენციურად ჩამოგდება. რუსეთი არ დაუშვებდა მისი საჰაერო სივრცის მრავალჯერად დარღვევას და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ეს დარღვევები მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი და რამდენიმე მიზანზეა ორიენტირებულია. ერთ-ერთი მათგანია იმის ჩვენება, რომ რუსეთს ამის გაკეთება შეუძლია. მეორე კი ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოცდაა. თუმცა, ეს ასევე ჩვენი თავდაცვის მიზნით მოქმედების სიმტკიცის გამოცდაა", - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×