
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) „ბი-ბი-სი“-ს სკანდალურ ფილმთან დაკავშირებით დაწყებული გამოძება ნაწილობრივ დაასრულა. მათი ცნობით, დადგინდა, რომ შარშან ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს აკრძალული ნივთიერება არ იყო გამოყენებული, თუმცა გამოძიება გრძელდება „შესაძლო დანაშაულზე, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“. ამის შესახებ შაბათს სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ხელისუფლების ოპონენტები გამოძიების შედეგებს არადამაჯერებლად მიიჩნევენ. შაბათს მათ მორიგი აქცია გამართეს თბილისში, რომლის მთავარი თემაც სწორედ „ბი-ბი-სი“-ს ფილმის საფუძველზე გაჟღერებული ბრალდებები იყო.
გამოძიების შედეგებს ასევე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი კობახიძე. მან სუს-ის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „კამიტის“ და აკრძალული ნივთიერებების ნაწილში „თემა დახურულია“.
„"ამრიგად, რადგან ე.წ. „კამიტის" და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს -კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას - ამ მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა შეიკრიბება და დადასტურდება, რომ მათი მიზანმიმართული ქმედებებით უხეშად ზიანდებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები, საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია და მათი ქმედებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ იყო მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, პრემიერის ცნობით, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივას, რომ „ბი-ბი-სი“-ს ფილმთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით ეს გამოძიება არის საიდუმლო, საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის, გაუზიაროს მათ როგორც შესაბამისი დოკუმენტაცია, ისე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად პრემიერს, ბოლო დღეებში ამავე თემაზე გაკეთებული სხვა განცხადებებისაგან განსხვავებით, აღარ უსაუბრია საქართველოს ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-ს წინააღმდეგ რაიმე ფორმით სამართლებრივი მოქმედებების შესაძლო დაწყებაზე.
„კამიტის“ საქმე
სახელმწიფოს უსაფრთოების სამსახური აცხადებს, რომ ძალოვნებს საპროტესტო აქციებზე მომწამვლელი ქიმიური ნაერთი „კამიტი“ არ გამოუყენებიათ. სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, ეს ნივთიერება, რომელიც ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს იყო გამოყენებული, შსს-ს არც არასდროს შეუძენია.
მისივე თქმით, შსს-დან ამოღებულ ნივთიერებებზე ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა, რომ 2024 წლის, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა.
„ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ:
„პირველი - ქიმიური ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“;
„მეორე - ქიმიური ნივთიერება „ტრიქლორეთილენი“ (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით);
„მესამე - ქიმიური ნივთიერება „პროპილენგლიკოლი“, - განაცხადა მაღრაძემ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება შსს-მ ერთ-ერთი ებრაული კომპანიისგან 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს შეიძინა გამხსნელ ნივთიერება „ტრიქლორეთილენთან“ ერთად.
ინტერნეტშ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ - ეს არის ქიმიური ნაერთი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად იყენებენ ცრემლსადენი გაზის სახით. მისი გამოყენებისას სერიოზული გართულებები იშვიათია, თუმცა იწვევს თვალისა და ყელის ძლიერი წვას, სუნთქვის გაძნელებასა და ხველა
რაც შეეხება „ტრიქლორეთილენ“, ამ ნივთიერების განსაკუთრებული ტოქსიკურობის გამო, მისი გამოყენება ბევრ ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება. იწვევს კოორდინაციის დაკარგვასა და ზოგ შემთხვევებში ჯანმრთელობის სერიოზული გართულებებს.
„პროპილენგლიკოლს“ კი ახასიათებს ნაკლები ტოქსიკურობა, მოკლევადიანი ზემოქმედება, კანის მსუბუქი გაღიზიანება და თვალის წვა.
გამოძიება გრძელდება
სუს-ი გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ აგრძელებს, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
„ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
მისივე ინფორმაციით, გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის - ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა „ბი-ბი-სი“-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.
„საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.
„გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში“, - განაცხადა მაღრაძემ.