
ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით სუსის გამოძიებას არასამთავრობოები უნდობლობას უცხადებენ. "საერთაშორიოს გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ საჭიროა დასკვნის გადამოწმება, რადგან "ოცნების" გამოძიება სანდოობას არ იმსახურებს.
ამასთან, ბარამიძე ყურადღებას ამახვილებს იმ მომიტინგეებზეც, რომლებიც აქციების დროს სასტიკად სცემეს. მისი თქმით, ყურადღებას აღნიშნული საკითხიც იმსახურებს და საჭიროა საერთაშორისო გამოძიება.
რეჟიმი ერთი წლის განმავლობაში მალავდა, რომ საერთოდ, ქიმიური ნივთიერება იქნა გამოყენებული. ამას, უბრალოდ, არც აღიარებენ და მხოლოდ BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ფილმის შემდეგ დაიწყეს გამოძიება და ვითომ დაადგინეს, რომ კამიტე კი არ იყო გამოყენებული, არამედ ე.წ. წიწაკის გაზი CS. ეს, თავისთავად, გადამოწმებას საჭიროებს, იმიტომ, რომ როდის იყო, რომ რეჟიმის გამოძიებას ვინმე ენდობოდა, საზოგადოების ნორმალურ ნაწილს ვგულისხმობ, ეს ერთი. მეორე - თუნდაც გამოყენებული იყოს CS, რა რაოდენობით იყო გამოენებული, ეს არ უთქვამთ და ამ კონცენტრაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
BBC-ის ფილმში მარტო გაზთან დაკავშირებით არ არის, იქ პირდაპირ კიდევ ერთხელ არის ნაჩვენები და ყველას გაგვახსენდა ის შემზარავი კადრები, როგორ მოეპყრნენ, მაგალითად, ზვიად მაისაშვილს. შესაძლებელია, კლავდნენ კიდეც და შემთხვევით გადარჩა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო საჭირო? თუ ის 300-მდე პირი, რომელიც საავადმყოფოში აღმოჩნდა უმოწყალო ცემის მერე, პირდაპირ ქუჩაში, წიხლებისქვეშ რომ იგდებდნენ მშიდობიანი პროტესტის მონაწილეებს პოლიციელები, ამას არ სჭირდება გამოძიება? ამ ყველაფერს სჭირდება საერთაშორისო გამოძიება და იმედი მაქვს, ეს იქნება, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.
ამასთან, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ მოწამლული ადამიანების მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო, რასაც საიას ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში უპასუხა.