
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, ავიაციის სფეროში დასაქმებულებს პროფესიული დღე მიულოცა და ავიაციის კუთხით მიმდინარე წლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. თქვენი ყოველდღიური შრომითა და პროფესიონალიზმით ყოველდღიურად წერთ ქართული სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და წარმატების ისტორიას. სწორედ თქვენი შრომაა ის საყრდენი, რომელზეც დგას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და სტაბილური განვითარება“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.
მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იქნება, რადგან წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის აეროპორტები 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.
„ამ ეტაპზე საქართველოში 120-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 70-ზე მეტ მიმართულებას ემსახურებიან, ხოლო კვირაში ხორციელდება ასეულობით რეგულარული რეისი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საერთაშორისო საჰაერო ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც. ლევან მოსეშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია აეროპორტის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საჰაერო კავშირის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.